Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ირანს ადანაშაულებს ერაყში „საქმის არევაში“


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯიმ მატისი ირანს ბრალად სდებს, რომ ერაყის საპარლამენტო არჩევნებში ერევა და „საქმეს ურევს“. ერაყში 12 მაისს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. მატისმა ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში მოგზაურობის შემდეგ, 15 მარტს ვაშინგტონში განაცხადა, რომ „ირანი ბაძავს რუსეთის მაგალითს და საქმეს ურევს ერაყის არჩევნებში“. ამ შედარებით მატისმა მიანიშნა ბრალდებებზე, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის, საფრანგეთის, მექსიკისა და სხვა ქვეყნების არჩევნებში. ირანი, რომელსაც წარსულში უარყოფილი აქვს ერაყში პროცესებზე გავლენის მოხდენის ბრალდება, ჯერ არ გამოხმაურებია მატისის განცხადებას. თეირანს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს ერაყში შიიტების მიერ მართულ მთავრობასთან და, ზოგადად, ძლიერი ისტორიული და კულტურული კავშირები აქვს ერაყის მოსახლეობის შიიტურ ნაწილთან. მატისის თქმით, ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისას, მას გაუძლიერდა შეშფოთება, რომელსაც რეგიონში ირანის მოქმედება იწვევს. მან არგუმენტებად მოიყვანა ირანის მიერ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დახმარება სირიის სამოქალაქო ომში, იემენში შიიტი მეამბოხეების დახმარება და აგრეთვე მხარდაჭერა, რომელსაც ირანი, სავარაუდოდ, უწევს დასავლეთ ავღანეთში მებრძოლ მეამბოხეებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG