Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმცირესობამ უმრავლესობას მოუწოდა, არ დაუშვან რუსული არხისთვის თანხის გადახდა


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

საქართველოს პარლამენტის უმცირესობამ უმრავლესობას მოუწოდა, დაინტერესდეს მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმად, მთავრობა აპირებს საქართველოს სარეკლამო კამპანიისთვის მილიონი დოლარი გადაუხადოს რუსულ ტელეკომპანიას, „როსია 1“-ს. საკითხის გარკვევა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ 19 მარტს მოითხოვა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატებმა განიხილეს რეზოლუციის პროექტი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ. „ჩვენ დიდი ხანია ველით პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს, რომელიც, თუ სწორად ვხვდები, პოლიტიკურად პასუხისმგებელია ამ სკანდალურ გადაწყვეტილებაზე“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მან უმრავლესობას მოუწოდა, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის გარეშე ერთად იმუშაონ და აღკვეთონ საკითხი, რომელიც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ პარლამენტში შეთანხმებული რეზოლუციის სულისკვეთებას, არამედ ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს. გიგა ბოკერიას თქმით, დაუშვებელია, რომ გადასახადის გადამხდელთა ფულიდან მილიონი დოლარი გადაუხადონ საქართველოსადმი მტრულად განწყობილ რუსულ საინფორმაციო არხს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG