Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი „უაღრესად სერიოზულად“ ეკიდება სკრიპალის მოწამვლის შესახებ მოსკოვისთვის წაყენებულ ბრალდებას


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაცრად დაგმეს ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა და განაცხადეს, რომ „უაღრესად სერიოზულად“ ეკიდებიან ლონდონის ვარაუდს მოწამვლასთან მოსკოვის კავშირის შესახებ. სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი იულია დღემდე საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში რჩებიან მას შემდეგ, რაც 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მოიწამლნენ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. „ევროპის კავშირი უაღრესად სერიოზულად ეკიდება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვარაუდს, რომ, მაღალი ალბათობით, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, აღნიშნულია 28 მინისტრის განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში 19 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს. იქვე გამოთქმულია ბრიტანეთის მიმართ ევროკავშირის ერთსულოვანი მხარდაჭერა. სკრიპალმა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა, წარსულში ბრიტანეთს გაუმხილა ინფორმაცია ამ ქვეყანაში მყოფი რუსი აგენტების შესახებ. პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის პრესმდივნის განცხადებით, 20 მარტს გაიმართება ბრიტანეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის წინააღმდეგ მომდევნო შესაძლო ზომების განსახილველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG