Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ "რუსთავი 2"-ზე თავდასხმის დროულ და ეფექტურ გამოძიებას


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ შსს-ს და პროკურატურას მიმართა, დროულად გამოიძიონ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე 19 მარტს მომხდარი თავდასხმა, რომლის მიზეზი გახდა გადაცემა P.S.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ტექსტი. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, ინციდენტის ამსახველი, გავრცელებული ვიდეომასალებიდან იკვეთება არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის, არამედ იძულების, ძალადობის და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ნიშნები და მნიშვნელოვანია სამართალდამცავებმა მომხდარს მისცენ სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, გამოიძიონ ოპერატიულად და ეფექტურად, რათა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მედიაზე იძალადეს. ორგანიზაციის განცხადებითვე, არ შეიძლება ჟურნალისტური პროდუქტი გახდეს ჟურნალისტებზე ანგარიშსწორების მიზეზი, იმის მიუხედავად, აკმაყოფილებს თუ არა ის პროფესიულ სტანდარტებს. “მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროფესიული საქმიანობა იყოს დაცული და ყველა მოქალაქე თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ. ჟურნალისტურ სტანდარტებზე სამსჯელოდ არსებობს თვითრეგულირების მექანიზმები, მათ შორის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. სწორედ ეს პლატფორმებია ყველაზე ეფექტური ჟურნალისტის პროფესიული და ეთიკური გადაწყვეტილებების შესაფასებლად” - ნათქვამია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებაში. სამართალდამცავებისგან დროული და ეფექტური გამოძიება და მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა მოითხოვა კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ. „სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. პროტესტის გამოხატვის ფორმები არ უნდა სცილდებოდეს კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ უნდა შეიცავდეს ძალის გამოყენებას“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,” „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ და „საზოგადოება და ბანკები.“ მათივე განცხადებით, მისასალმებელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება ქრისტიან მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო საყვედურის გამოცხადების თაობაზე. 19 მარტს, „რუსთავი 2“-ის ოფისთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილი, „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ტელეკომპანიის თანამშრომლებს. სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს ერთი ჟურნალისტი. პოლიციამ ძალადობის ბრალდებით დააკავა „ქართული მარშის“ 6 წარმომადგენელი. საპროტესტო აქციის საფუძველი იყო 18 მარტს, გადაცემა P.S.-ის წამყვანის, დავით გაბუნიას კომენტარი, რომ „იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშვა როცა ორი ათასი წლის წინ საქადაგებლად ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო ორ-სამ წელიწადში აჭარაში, ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ჯვრის დასამზადებლად რეგიონში ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის უკვე ბიძინას ეზოში იქნება გადარგული ყველა ხე და ასე იცოცხლებდა მშვიდად იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია, სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც ორი ათასი წლის წინ, ან უარესად.“ 19 მარტს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მორწმუნეებს ბოდიში მოუხადა მათი რელიგიური გრძნობების შელახვისთვის. გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის ეთიკის კომისიამ გაბუნიას საყვედური გამოუცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG