Accessibility links

რუსეთმა ხელი შეუშალა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის საკითხის განხილვას


დაბომბილი შენობების ნანგრევები აღმოსავლეთ ღუტაში

რუსეთმა დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა. სხდომაზე უნდა განეხილათ სირიაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, გენადი კუზმინის განცხადებით, ადამიანის უფლებები არ არის უშიშროების საბჭოს დღის წესრიგის საკითხი და ამისთვის ჟენევაში არსებობს ადამიანის უფლებების საბჭო. რუსეთის პოზიციას მხარი დაუჭირეს ჩინეთმა, ყაზახეთმა და ბოლივიამ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინის მოსმენას ითხოვდა საფრანგეთი. მის ინიციატივას მხარს უჭერდნენ დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი, პოლონეთი, ქუვეიტი და პერუ. გაეროში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის, ფრანსუა დელატრის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს სირიაში არსებული კრიზისის, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის მიერ 19 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, სირიის აღმოსავლეთ ღუტის რაიონში სამთავრობო ძალების ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა კიდევ 15 ბავშვი, რომლებიც სკოლის სარდაფში იმალებოდნენ. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, თებერვლის შუა რიცხვებიდან, როცა ასადის არმიამ დაიწყო შეტევა ოპოზიციონერ მეამბოხეთა მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ ღუტაზე, დაიღუპა 1000-ზე მეტი სამოქალაქო პირი, მათ შორის სულ მცირე 215 ბავშვი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG