Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ბელორუსიის პრეზიდენტს


ალექსანდრ ლუკაშენკო და გიორგი კვირიკაშვილი. თბილისი, 2018 წლის 23 მარტი

23 მარტს, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბელორუსიის პრეზიდენტმა ისტორიული უწოდა საქართველოში მისი ამჟამინდელი ვიზიტისას ხელმოწერილ დოკუმენტებს და განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების დადებითი დინამიკა. ლუკაშენკოს განცხადებით, ბელორუსია მზად არის არა მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოსთან ერთად შექმნას საწარმოები, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას შეასწავლოს ბელორუსიაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებიც. ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებითვე, ბელორუსია მზად არის საქართველოს და ქართველ ხალხს ყოველთვის დაუჭიროს მხარი იქ, სადაც დასჭირდებათ. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბელორუსიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, რაც დოკუმენტურად გაფორმდა თბილისში ვიზიტის ფარგლებში. კვირიკაშვილმა ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ასევე, 2017 წელს, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. 23 მარტს, ბელორუსიის პრეზიდენტი თბილისში შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორესაც. ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს რიგით მეორე, ოფიციალური ვიზიტით 22 მარტს ეწვია. იმავე დღეს გაიმართა საქართველოს და ბელორუსიის პრეზიდენტების და სამთავრობო დელეგაციების შეხვედრები. მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტსაც. ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს 2015 წლის აპრილშიც სტუმრობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG