Accessibility links

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მივიღეთ დახვეწილი, ევროპული კონსტიტუცია


23 მარტს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა ახალი კონსტიტუციის პროექტს, რომლის განხილვა მთელი 2017 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელიც პირველი მოსმენით პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო. კონსტიტუციას მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. „დასრულდა ძალიან რთული და გრძელი პროცესი, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ დახვეწილი, ევროპული კონსტიტუცია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„სრული საფუძველი მაქვს თქვენ უნდობლობა გამოგიცხადოთ და, საერთოდ, თქვენს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყო“, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ. მან კობახიძეს „უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე“ უწოდა. ადა მარშანიას გაღიზიანების მიზეზი გახდა კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზური“. მარშანია მოითხოვდა კანონში ჩაწერილიყო, რომ „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა არის ქართული და აფხაზური“, თუმცა ამ ფორმულირების შეცვლაზე პარლამენტის თავმჯდომარისგან უარი მიიღო.

„ეს ჩანაწერი ლინგვისტური თვალსაზრისით გამართულია, არის აკადემიურად ჩამოყალიბებული და სწორედ რომ დაბალანსებული. ჩვენ იმ შინაარსს არ ვეხებით, რომელიც თავის დროზე, 1995 წელს, კანონმდებელმა ჩადო. ჩვენ არ გვინდა შევეხოთ რაიმე შინაარსს აფხაზეთთან დაკავშირებით, ვიდრე შესაბამისი პირობები არ დადგება. არსებული ჩანაწერის ცვლილება შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც ღმერთმა ქნას და, იურისდიქციის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება“, - უპასუხა კობახიძემ მარშანიას.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, ცვლილებები შეეხება საარჩევნო სისტემასაც. კონსტიტუციაში აღარ იქნება ე.წ. ბონუსის სისტემა და, ახალი ვერსიის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ყველა მანდატი განაწილდება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. გარდა ამისა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების გარდა ექნებათ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებსაც. კანონპროექტის თანახმად, გაფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, 3 თვით გაიზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადა და გაუქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს სასამართლო წყვეტს სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG