Accessibility links

ჭრილობებისგან გარდაიცვალა ფრანგი პოლიციელი, რომელმაც გამტაცებელს საკუთარი თავი შესთავაზა მძევლების სანაცვლოდ


ჟანდარმერიის წარმომადგენლები სუპერმარკეტთან

საფრანგეთში გარდაიცვალა პოლიციის ოფიცერი, რომელიც ცდილობდა შეეჩერებინა სისხლისღვრა პარასკევს საფრანგეთის სამხრეთში, ტრების კომუნაში მომხდარი ტერაქტის დროს. პოლიციის ვიცეპოლკოვნიკმა არნო ბელტრამმა საკუთარი თავი შესთავაზა ექსტრემისტს, მის მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების სანაცვლოდ. თავდამსხმელმა პოლკოვნიკს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა შენობის შტურმი დაიწყო. არნო ბელტრამი ნასროლი ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ბელტრამი „გმირულად დაეცა“, რისთვისაც იგი „მთელი ერის აღფრთოვანებასა და პატივისცემას იმსახურებს“. პოლიციის ვიცეპოლკოვნიკის გლოვის ნიშნად 24 მარტს ჟანდარმერიის ყველა შენობაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები. პირი, რომელმაც ტრების სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა, შტურმის დროს მოკლეს. იგი აღმოჩნდა 25 წლის რედუან ლაკდიმი, წარმომავლობით მაროკოელი, რომელიც სამართალდამცველებისათვის მანამდეც იყო ეჭვმიტანილი ტერორისტულ მიდრეკილებებში. მძევლების აყვანაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG