Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის წარმომადგენლები მოითხოვენ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას


საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა აქცია-ბრიფინგი. თბილისი, 2018 წლის 26 მარტი
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა აქცია-ბრიფინგი. თბილისი, 2018 წლის 26 მარტი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა გამართეს აქცია-ბრიფინგი, რომელზეც გამოაქვეყნეს მედიის წარმომადგენელთა განცხადება, ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ რეპრესიული კანონმდებლობის შეცვლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის შეწყალების მოთხოვნებით.

26 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი არხის მონტაჟის რეჟისორი მამუკა ბერძენიშვილი 2017 წლის ივნისში დააკავეს 2 გრამი კლუბური ნარკოტიკის, ე.წ. ემდემას პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2018 წლის 21 მარტს კი მას სასამართლომ მიუსაჯა 8 წლით პატიმრობა.

„მცირე ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის, ან პირადი მოხმარებისთვის 8 წლით პატიმრობის შეფარდება სახელმწიფოს მხრიდან არაადეკვატური და არაადამიანური ნაბიჯია. აუცილებელია კანონში დოზირების განსაზღვრა, რათა ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა განსაკუთრებულად დიდ ოდენობად არ ითვლებოდეს. ასევე მიგვაჩნია, რომ მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, ხოლო პრობლემურ მომხმარებლებთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკა არა რეპრესიული, არამედ ზრუნვაზე ორიენტირებული უნდა იყოს“ - ნათქვამია განცხადებაში. მედიის წარმომადგენლები მოითხოვენ, პარალამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა განხორციელება, მათი შეფასებით, ხელოვნურად ჭიანურდება. განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ მამუკა ბერძენიშვილი სახელმწიფოს მიერ წარმოებული ფაშისტური ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლია და მასთან ერთად, პირადი მოხმარებისთვის და მინიმალური დოზებისთვის სასჯელს იხდის 2 000-ზე მეტი ადამიანი.

მედიის წარმომადგენელთა განცხადებითვე, მამუკა ბერძენიშვილი თავისი საქმის პროფესიონალი, უკონფლიქტო და დადებითი პიროვნებაა, მისი ადგილი არ არის პენიტენციურ დაწესებულებაში და ამიტომ, პრეზიდენტისგან მოითხოვენ მის შეწყალებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG