Accessibility links

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა პუტინის დამარცხებად შეაფასა ევროკავშირის მხარდაჭერა


გევინ უილიამსონი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, გევინ უილიამსონის განცხადებით, იწურება მსოფლიო თანამეგობრობის მოთმინება რუსეთის პოლიტიკის მიმართ. 26 მარტს, ესტონეთში ვიზიტისას უილიამსონმა პრეზიდენტ პუტინის დამარცხებად შეაფასა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემდეგ. უილიამსონის განცხადებითვე, ევროკავშირის და ნატოს წევრების მიერ ლონდონის მხარდაჭერა საუკეთესო პასუხია კრემლის ზრახვებზე და მოსკოვს უგზავნის ძლიერ სიგნალს. 22-23 მარტს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერები დაეთანხმნენ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, რომ მაღალი ალბათობით, რუსეთია პასუხისმგებელი სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე. ევროკავშირის ქვეყნებმა ნერვულ-პარალიტიკური ნივთერების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმა შეაფასეს თავხედურ გამოწვევად კოლექტიური უსაფრთხოების წინააღმდეგ, ლონდონს გამოუცხადეს უპირობო მხარდაჭერა და მოსკოვიდან კონსულტაციებისთვის გაიწვიეს რუსეთში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენელი. რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მარტის დასაწყისში მოწამლეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. 4 მარტს, სერგეი და იულია სკრიპალები უგონოდ აღმოაჩინეს ქალაქ სოლსბერიში. ბრიტანელი ექსპერტების დასკვნით, გამოყენებული იყო რუსული წარმოების ნივთიერება „ნოვიჩოკი.“ სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა და ლონდონიდან გააძევა 23 რუსი დიპლომატი. ანალოგიურ ზომას მიმართა რუსეთმა, რომელიც უარყოფს სკრიპალის მოწამვლასთან კავშირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG