Accessibility links

რუსეთის ელჩები დაიბარეს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო უწყებებში


ინგლისის ქალაქი სოლსბერი, 2018 წლის 12 მარტი: ბრიტანელი პოლიციელები იმ ადგილთან, სადაც 4 მარტს მოიწამლნენ ყოფილი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია

პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოში რუსეთის ელჩები დაიბარეს ამ ქვეყნების საგარეო უწყებებში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე. ცნობებში, რომლებიც 26 მარტს რუსი დიპლომატების განცხადებებზე დაყრდნობით გავრცელდა, არ არის დასახელებული საგარეო საქმეთა სამინისტროებში მათი დაბარების მიზეზი. ბოლო დღეებში ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ემზადება რუსი დიპლომატების გასაძევებლად. ამ ნაბიჯის მიზეზად სახელდება 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი 33 წლის ქალიშვილის, იულიას, მოწამვლა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. ორივეს მდგომარეობა კვლავინდებურად კრიტიკულია. ბრიტანეთი რუსეთის ხელმძღვანელობას აკისრებს პასუხისმგებლობას მკვლელობის მიზნით საბჭოთა პერიოდში შექმნილი მომწამვლელი ნივთიერების, „ნოვიჩოკის“ გამოყენებაზე. 23 მარტს ევროკავშირმა საერთო განცხადებით დაგმო თავდასხმა და აღნიშნა, რომ „დიდი ალბათობით“, პასუხისმგებლობა მოსკოვზეა. ევროკავშირი აპირებს მოსკოვის მიმართ მორიგი დამსჯელი ზომების მიღებას. ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და ჩეხეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განიხილავენ რუსი დიპლომატების გაძევების შესაძლებლობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG