Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვია


სიმბოლური მემორიალი ტრაგედიის ადგილას. კემეროვო, 2018 წლის 26 მარტი
სიმბოლური მემორიალი ტრაგედიის ადგილას. კემეროვო, 2018 წლის 26 მარტი

რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაიღუპა 41 ბავშვი. მათი სახელები და გვარები დაღუპულთა ნათესავების მიერ შექმნილ შტაბში გამოაკრეს. ოფიციალური მონაცემებით, 25 მარტს გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ დაიღუპა 64 ადამიანი. 27 მარტს დილით, კემეროვოს საქალაქო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებმაც მოითხოვეს კემეროვოს მერის და ოლქის გუბერნატორის გადადგომა, ობიექტური გამოძიება და სიმართლის დადგენა. შეკრებილები ასევე მოითხოვდნენ მათთან მისულიყო პრეზიდენტი პუტინი, რომელიც კემეროვოში 27 მარტს, დილით ჩავიდა. ბევრი მათგანი ეჭვს გამოთქვამდა, რომ დაღუპულია გაცილებით მეტი ადამიანი და ხელისუფლება ამას მალავს. კემეროვოს მერმა, ილია სერედიუკმა აქციის მონაწილეებს შესთავაზა შეექმნათ ნდობით აღჭურვილი პირების ჯგუფი, რომელიც სავაჭრო-გასართობი ცენტრის დამწვარ შენობას და მორგს დაათვალიერებდა. შეიქმნა დაღუპულთა ნათესავების და ჟურნალისტების ჯგუფი, რომელიც კემეროვოს მორგში იმყოფებოდა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მიტინგის მონაწილეებს აცნობა, რომ მორგის სიაში 64 ცხედარია. მისივე განცხადებით, დაათვალიერეს ყველა ოთახი, სარდაფი, სხვენი და გარაჟი და შეუძლებელია იმის თქმა, რომ გვამებს მალავენ. ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა უარყო სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლება დაღუპულთა გვამებს მალავს სამაცივრე კომბინატში. სააგენტო რია-ნოვოსტის ცნობით, საინიციატივო ჯგუფის წევრებს კემეროვოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შენობაში შეხვდა პრეზიდენტი პუტინი, თხოვა ეჭვი არ შეიტანონ ოფიციალურ მონაცემებში და პირობა მისცა, რომ დაისჯება ყველა დამნაშავე მიუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობა და წოდება აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG