Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობა დატოვა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა


პაპუნა უგრეხელიძე
პაპუნა უგრეხელიძე

თანამდებობა დატოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, პაპუნა უგრეხელიძემ. „ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება“ - დაწერა 27 მარტს, ფეისბუქის პირად გვერდზე პაპუნა უგრეხელიძემ. მან „შეთითხნილი“ უწოდა სახალხო დამცველის დასკვნას, რომლის მიხედვით, 2017 წლის მაისში დადგინდა, რომ უგრეხელიძე ყოფილ თანამშრომელს სქესის ნიშნით ავიწროვებდა. „არც ერთი კანონით დადგენილი მტკიცებულება არც ე.წ. მსხვერპლს და არც სახალხო დამცველს მის მიერ შეთითხნილ დასკვნაში არ წარმოუდგენიათ. სახალხო დამცველის კონფიდენციალურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ყველა მოწმე კონფიდენციალურია, მტკიცებულებები კონფიდენციალურია. როგორც იურისტი, ვთვლი, რომ ასეთი „დასკვნები“ ყველა კაცისა და ყველა ქალის წინააღმდეგ საშიშ ტენდენციას უყრის საფუძველს“ - ნათქვამია უგრეხელიძის განცხადებაში. მისი შეფასებით, ბრალდება შურისძიებას უკავშირდება. პაპუნა უგრეხელიძის ინფორმაციით, ქმარი იმ ქალისა, რომელიც ბრალს სდებს, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორის პოზიციიდან. „ამის შემდეგ დაიფარა სახე და ქალთა უფლებების სახელით ანონიმური ბრძოლა გამოუცხადა „სიტყვიერი ძალადობის“ არარსებულ ავტორს. ამდენად, ჩემს მიმართ შანტაჟისა და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მივმართავ სასამართლოს, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი, შევიწროვებას“ - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე პაპუნა უგრეხელიძე. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია სახალხო დამცველის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაშია მხილებული. დასკვნა 2017 წლის 3 მაისს მომზადდა და შესაბამისი რეკომენდაციები გაიგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG