Accessibility links

საქართველომ რუსეთი დაადანაშაულა ჟენევის დისკუსიაზე დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებაში


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 43-ე რაუნდის შესახებ, რომელიც 27-28 მარტს გაიმართა. სამინისტროს განცხადებით, დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან დაგმეს არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავება და სიცოცხლის ხელყოფა და არაჰუმანურ ქმედებად შეაფასეს ოჯახისათვის ცხედრის გადაცემის თითქმის ერთი თვით დაყოვნება. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების უმოქმედობის და ამ გზით ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის წახალისების შედეგია. თბილისის დელეგაციამ სრული პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მონაწილეებმა საქართველოდან რუსეთს მოუწოდეს, არ დააბრკოლოს გამოძიება, რათა შესაძლებელი გახდეს დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავება. „მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის საჭიროება, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 29 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში. სამინისტროს ცნობითვე, ინტენსიური დისკუსია შედგა ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეთა განცხადების პროექტზე. ქართულმა მხარემ კვლავ განმარტა, რომ განცხადების მიღება უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს - 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების დაწყებას. ქართველი და ამერიკელი მონაწილეების მიერ ხაზი გაესვა რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და მისი შესრულების აუცილებლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, რუსეთმა გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით 43-ე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკება ძალის არგამოყენების საკითხზე. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხზე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე საგნობრივი განხილვის აუცილებლობას, თუმცა, რუსეთმა და მისმა საოკუპაციო რეჟიმებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზება და დევნილთა საკითხის განხილვისას მოლაპარაკება დატოვეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG