Accessibility links

ახალი ამბები

სამხრეთ კორეის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერთა შეხვედრის თარიღად 27 აპრილი დასახელდა

სეულის და ფხენიანის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრა. 2018 წლის 29 მარტი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯაე ინის და ჩრდილოეთ კორეის მეთაურის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება ორი ქვეყნის გამყოფ, დემილიტარიზებულ ზონაში - ამის შესახებ სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო იონჰაპი იუწყება სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. სამხრეთის და ჩრდილოეთის ლიდერების შეხვედრის თარიღზე 29 მარტს შეთანხმდნენ სეულის და ფხენიანის სამთავრობო დელეგაციების წარმომადგენლები. მათი მოლაპარაკება ნეიტრალურ ზონაში მდებარე სოფელ პანმუნჯომში გაიმართა. სააგენტო იონჰაპის ინფორმაციით, 4 აპრილს დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც მხარეები განიხილავენ სამხრეთ კორეის და ჩრდილეოთ კორეის ლიდერთა მოლაპარაკების დღის წესრიგს და უსაფრთხოების და პრესით გაშუქების საკითხებს. კორეის ნახევარკუნძულზე ომის დამთავრების შემდეგ, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, სამხრეთის და ჩრდილოეთის ლიდერები ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ 2000 და 2007 წლებში.

ყველა ახალი ამბავი

ზელენსკი არ მივიდა დებატებზე საზოგადოებრივ მაუწყებელში

პრეზიდენტობის კანდიდატი ვოლოდიმირ ზელენსკი, პეტრო პოროშენკოს მოწოდების მიუხედავად, არ მივიდა დებატებზე უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რაზეც დებატების წამყვანმა, მიროსლავა ბარჩუკმა განაცხადა.

„მხოლოდ ერთი კანდიდატი მოვიდა. გთხოვთ, პეტრო პოროშენკო, მობრძანდით სტუდიაში და უპასუხეთ შეკითხვებს“, - მიმართა წამყვანმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც მარტო პასუხობს, როგორც სტუდიაში მყოფი ჟურნალისტებისა და ექსპერტების, ასევე პირდაპირი ეთერის საშუალებით სტუდიის გარედან დასმულ შეკითხვებს.

პოროშენკოს მისვლამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ითქვა, რომ პოლიციამ მიიღო ცნობა, დებატების დროს მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ.

პოროშენკო: მე არც ჯალათი ვარ და არც - მოსამართლე

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოლიმპიურ სტადიონზე 19 აპრილს გამართული დებატების დროს, ოპონენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუმარტა, თუ რაში მდგომარეობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მისეული სტრატეგია და რატომ „არ აჭრის ხელს“ კორუმპირებულებს.

"მე არც ჯალათი ვარ და არც - მოსამართლე. პრეზიდენტი ქმნის აუცილებელ პირობებს სამართლიანი სასამართლოსთვის, საგამოძიებო ორგანოსათვის,სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოძიებისათვის. და მე ვაკეთებდი და გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ და დასძინა, რომ არც ერთ მის მეგობარს არ აქვს და არც მომავალში ექნება რაიმე კავშირი კორუფციასთან.

თავის მხრივ პოროშენკომ საპასუხო შეკითხვა დაუსვა ზელენსკის ოლიგარქ იგორ კოლომისკისთან მის სავარაუდო კავშირებზე.

„თქვენმა ბიზნესპარტნიორმა „პრივატბანკის“ ანგარიშიდან 41 მილიონი დოლარი გადაგიხადათ პირადად თქვენ, საიდუმლო ოფშორულ ანგარიშებზე. როგორ ართმევთ მას ხელს და მოაჭრით თუ არა მას ხელს?“ - ამ შეკითხვაზე ზელენსკის პასუხი არ გაუცია, რადგან ეს იყო პოროშენკოს პასუხი ოპონენტის შეკითხვაზე.

კიევის „ოლიმპიურ“ სტადიონზე პრეზიდენტობის კანდიდატებმა ერთმანეთს დაუსვეს სამ-სამი შეკითხვა, რომლისთვისაც მათ ჰქონდათ თითო-თითო წუთი, პასუხისათვის - 4 წუთი. დებატების დასაწყისში და ბოლოს კანდიდატებმა ისარგებლეს ასევე განცხადებებისთვის განკუთვნილი ხუთ-ხუთი წუთით.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.

უკრაინაში დასრულდა "მთავარი დებატები" პოროშენკოსა და ზელენსკის შორის

უკრაინაში პარასკევს გაიმართა მთავარი დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს ვოლოდიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის, რომლებიც ამ ფორმატში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. დებატებმა, რომელზეც უსაფრთხოებას რამდენიმე ათასი სამართალდამცველი იცავდა, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

შეკითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელიც ერთ საათს გრძელდებოდა, პოროშენკომ და ზელენსკიმ ერთმანეთს არაერთი ბრალდება წაუყენეს.

“მე თქვენი ოპონენტი კი არა, თქვენი განაჩენი,“ - ვარ ასე მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოროშენკოს. "მე თავად ვემხრობოდი პოროშენკოს, მაგრამ ჩვენ შევცდით. განა შემეძლო მაშინ წარმომედგინა, რომ ცხოვრება ახლებურად, გადაიქცეოდა ცხოვრებად გადარჩენისათვის, ომის ორ კვირაში დასრულების პირობა - შემოგვიბრუნდებოდა დებალცევოდ და ილოვაისკად? შეგვეძლო იმის წარმოდგენა, რომ „ღირსების რევოლუციით“ ნაძირალები ისარგებლებდნენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

პეტრო პოროშენკომ ოპონენტს უწოდა „ტომარა“, რომელშიც ეშმაკები იმყოფებიან. „მათ შორის ოლიგარქები, „რეგიონთა“ პარტიის ყოფილი წევრები და ყველა ის, ვინც ჩემს ქვეყანას ემუქრება. და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ“, - განაცხადა პოროშენკომ, რომელმაც მოუწოდა ოპონენტს, რომ ასევე მიიღოს მასთან ერთად მონაწილეობა დებატებში ტელეკომპანია „სუსპილნეში“ (უკრაინის საზოგადოებრივ არხზე), რასაც ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს.

მანამდე ზელენსკის შტაბში განაცხადეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არ აპირებს სატელევიზო დებატებში მონაწილეობის მიღებას.

კიევის „ოლიმპიურ“ სტადიონზე პრეზიდენტობის კანდიდატებმა ერთმანეთს დაუსვეს სამ-სამი შეკითხვა, რომლისთვისაც მათ ჰქონდათ თითო-თითო წუთი, პასუხისათვის - 4 წუთი. დებატების დასაწყისში და ბოლოს კანდიდატებმა ისარგებლეს ასევე განცხადებებისთვის განკუთვნილი ხუთ-ხუთი წუთით.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.

მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ხანგრძლივი განხილვისა და დებატების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ორდღიანი მუხლობრივი განხილვა კენჭისყრით 87-მომხრე, 31-წინააღმდეგი დასრულდა.

კენჭისყრას წინ უძღვოდა პროცედურული დებატები - საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვდა, პარლამენტს კანონპროექტი წარმოდგენილი სახით არ მიეღო და კენჭისყრის პროცედურა გადაედო.

ოპოზიციის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უგულებელყო და ცდილობს ცვლილებები ფორსირებულად მიიღოს, “რაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდება“.

პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა მუხლობრივ განხილვაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარიგებული იყო ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციის შესაბამისად კორექტირებული ვერსია. კორექტირებულ ვარიანტში აისახა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმების თაობაზე. ასევე ჩაიწერა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე, აგრეთვე არ არის უფლებამოსილი კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას არც ერთ ეტაპზე.

“ჩვენ გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა პრინციპული რეკომენდაცია ერთის გარდა, რომელიც არ არის წმინდა სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაცია. ჩვენ შევიმუშავეთ უპრეცედენტოდ დეტალური პროცედურა, რომელიც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პროცესი იყოს გახსნილი, იყოს ნდობა პროცესისადმი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტისთვის საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას.

ოხანაშვილმა დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას კი, პარლამენტს იმ მუხლების საბოლოო რედაქცია გააცნო, რაც მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში შეუცვალა.

ლაშა ჟვანია პატრიარქის ფონდში ბრუნდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია, თანამდებობას დატოვებს და პატრიარქის ფონდში დაბრუნდება. განცხადება ამის შესახებ თავად ჟვანიამ გაავრცელა, ფეისბუკის გვერდზე.

ლაშა ჟვანიას განცხადების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 1 მაისამდე იმუშავებს:

“ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია. პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან” – წერს ლაშა ჟვანია.

ლაშა ჟვანიას თქმით, მისთვის ყველაზე მტკივნეული რეორგანიზაცია და ადმინისტრაციაში კადრების შემცირება იყო:

“რთული პერიოდი გავიარე ქვეყნის მეთაურთან ერთად; ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის კალაპოტში ჩასმა, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან და მთლიანად, საზოგადოებასთან ურთიერთობების საფუძველის მოწყობა. ყველაზე მტკივნეული ჩემთვის რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო. ახლაც ვფიქრობ ზოგიერთ ძვირფას მოხელეზე, რომლებიც ადმინისტრაციამ დაკარგა”,– წერს ლაშა ჟვანია.

ლაშა ჟვანია მადლობას უხდის პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის.

„მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის ამ მაღალი და დიდი პასუხისმგებლობის მონდობისთვის. როგორც ადრე, არც მომავალში, ჩემი ეკლესიის ტკბილ მეთაურთან მუშაობის დროს, დავიშურებ ჩემს სიყვარულით სავსე, მართალ სიტყვას და თავდადებას ჩემი სახელმწიფოს მეთაურის მიმართ“,- ნათქვამია ლაშა ჟვანიას განცხადებაში.

საპატიმროს მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მორიგი აქცია რუსთავში

მოქალაქეთა ჯგუფმა რუსთავში პენიტენციური დაწესებულების აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო იუსტიციის სახლთან

19 აპრილს მოქალაქეთა ჯგუფმა რუსთავში პენიტენციური დაწესებულების აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო იუსტიციის სახლთან, რომლის წინ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა მდებარეობს.

ორგანიზატორებმა, რომლებიც ადრე აცხადებდნენ, რომ ემიჯნებიან პოლიტიკას, დღევანდელ აქციაზე პირველი პოლიტიკური განცხადება გააკეთეს.

„ჩვენს ქვეყანაში არაევროპული რაც არის,ესაა თეა წულუკიანის მინისტრობა, რომელიც აცხადებს, რომ აშენებენ ევროპული ტიპის საპატიმროს და ეს არის ევროპული გზა“, თქვა გიორგი გზირიშვილმა,წვიმის ქვეშ მდგარი დაახლოებით 20 ადამიანის წინ.

„ევროპული ქვეყანა რომ ყოფილიყო, თეა წულუკიანი ვერ იქნებოდა იუსტიციის მინისტრი“, დასძინა გზირიშვილმა,რასაც აქციის მონაწილეთა აპლოდისმენტები მოჰყვა. - „ამ ქვეყნისთვის მან [იუსტიციის მინისტრმა] ძალიან ბევრი ცუდი რამ გააკეთა“.

სხვა გამომსვლელებმა განაცხადეს, რომ „იბრძოლებენ ბოლომდე“ - იუსტიციის სამინისტროს საპატიმროს არ ააშენებინებენ, რადგან ის ჭყონდიდელის დასახლებას და მიმდებარე ტერიტორიას განვითარების პერსპექტივას მოუსპობს. ადგილობრივი „მოსახლეობა უკვე სახლებს ყიდის“, განაცხადეს მათ.

რუსთავის ახალ საპყრობილეში, რომელიც ჭყონდიდელის დასახლებაში შენდება, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული მე-17 პენიტენციარული დაწესებულების ე.წ. პირველი და მეორე კოლონიების პატიმრებს გადაიყვანენ, თავად კოლონიები დაიხურება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა 18 აპრილს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „მინისტრი წულუკიანი მზად არის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდეს. ასევე მზად არის შეირჩეს ადგილობრივი 500 მცხოვრები, რომლებსაც გადაამზადებენ, ჩაუტარებენ ტრენინგებს და გაივლიან სტაჟირებას მსგავს დაწესებულებებში”. დღევანდელი აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ უმჯობესია ჭყონდიდელის დასახლებაში საწარმოები აშენდეს და ის „500 ადამიანი ამ მიზნით გადაამზადონ“.

საპატიმროს მშენებლობის წინააღმდეგ აქციები პერიოდულად ტარდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის გაზრდას სთხოვენ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკავშირის წევრები დასაქმებულთა ხელფასის გაზრდას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასა და უსაფრთხო სამუშაო პირობებს სთხოვენ. 19 აპრილს “საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების“ წარმომადგენლებთან ერთად მათ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სათავო ოფისთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

კომპანიამ აქციის მონაწილეებს სათაო ოფისში შეხვედრა შესთავაზა, თუმცა საუბარი უშედეგოდ დამთავრდა. კომპანიის პროფკავშირების წარმომადგენლები სახელმწიფოსგან მხარეებს შორის დაპირისპირებაში დროულ ჩარევას მოითხოვენ. მათი თქმით, თუ მედიაციას შედეგი არ ექნება, აქციებს გააგრძელებენ.

„უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიის მენეჯმენტთან, რომ გაიზარდოს ხელფასები, შეიქმნას უკეთესი პირობები და გაიცეს ზეგანაკვეთური ანაზღაურება, რაც არ ხდება. კომპანია გადასული არის შანტაჟის რეჟიმში, პროფკავშირების დისკრედიტაციას ეწევა და დაშინებითა და დეზინფორმაციით ცდილობს დასაქმებული ადამიანები შეცდომაში შეყვანას“, - ამბობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკავშირების წევრი გიორგი მინაძე.

ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარის, ამირან ზენაიშვილის თქმით კი, შეხვედრაზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა მხოლოდ სიტყვიერად განაცხადა ხელფასის დაახლოებით 50-60 ლარით გაზრდის შესახებ და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არა აქვთ. მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლის შეთავაზებები პროფკავშირების წარმომადგენლებისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ აქცია 19 აპრილს გამართული აქცია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ იმიჯის დაზიანებას ისახავდა მიზნად.

„ეს გახლავთ ორგანიზებული პროცესი, თუმცა პროცესმა ჰპოვა ნულოვანი თანადგომა ჩვენს თანამშრომლებში. პრაქტიკულად, რამდენიმე თანამშრომლის გარდა, ვერავინ ვნახეთ აქციაზე. ადგილზე პროტესტი არ დაფიქსირდა. თუმცა ამით ჩვენ არ გვინდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის. თანამშრომლების თანადგომა გვაძლევს ვალდებულებას უფრო მეტად კრიტიკულები ვიყოთ და უზრუნველვყოთ, რომ ყველა თანამშრომელი სოციალურად სათანადოდ იყოს დაცული“, - ამბობს მიხეილ ბოცვაძე.

17 აპრილს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ენერგეტიკის დარგობრივი პროფკავშირი შავი პიარის გავრცელებაში დაადანაშაულა. კომპანიამ სიცრუე უწოდა ინფორმაციას, თითქოს 2007 წლიდან ხელფასები არ გაზრდილა. ასევე აღნიშნა, რომ ის თანამშრომლების ზეგანაკვეთურ სამუშაოსაც ანაზღაურებს და კომპანიიდან კადრების გადინება არ ხდება.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ამიერკავკასიაში წამყვანი ჰიდროენერგეტიკული ოპერატორია. კომპანია ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს და საქართველოში 5 ფილიალი და 59 მომსახურების ცენტრი აქვს.

სერბეთში ქვეყნის პრეზიდენტის მომხრეების დემონსტრაცია გაიმართება

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის მხარდამჭერები იკრიბებიან იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე კვირის განმავლობაში იმართება ანტისამთავრობო აქციები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენიმე ადამიანი მიიღებს აქციაში მონაწილეობას.

19 აპრილის პროსამთავრობო აქციის ფონია ერთი კვირის წინ ბელგრადში გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომელსაც ორგანიზატორებმა უწოდეს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი.

გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, სერბეთის მასშტაბით ყოველ შაბათს იმართება ანტისამთავრობო დემონსტრაციები

მოთხოვნით, გადადგეს პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, გათავისუფლდეს მთავრობის ზეწოლისაგან მედია და დაინიშნოს თავისუფალი არჩევნები.

აპრილის დასაწყისში ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მას არ ეშინია ანტისამთავრობო გამოსვლების, რომელთა ლიდერს უწოდა „ფაშისტები, ხულიგნები და ქურდები.“

ერთ-ერთი ბოლო აქციის დროს, დემონსტრანტები შეიჭრნენ ტელეკომპანია „ტვ პინკის“ შენობაში, რომელსაც ოპონენტები ხელისუფლების მთავარ რუპორს უწოდებენ.

„ძალადობას ადგილი აღარ ექნება. სერბეთი დემოკრატიული ქვეყანაა, კანონის და წესრიგის ქვეყანა და სერბეთმა იცის, თუ როგორ იმოქმედოს“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ნინო ლომჯარია:სამწუხაროა, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომაზე დამაჯერებელი პასუხები არ მოგვისმენია

ნინო ლომჯარია

„ალბათ, ყველას გვახსოვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. ის სრულიად მოულოდნელად, გასული წლის აგვისტოში გადადგა. მანამდე კი არაერთხელ გააკეთა განცხადება და აღნიშნავდა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან - ეს მისი სიტყვებია.

სამწუხაროა, რომ ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია დამაჯერებელი პასუხები გადადგომის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან დეპუტატებს მიმართა რეკომენდაციით, დაინტერესდნენ რისი მსხვერპლი, როგორ და რატომ გახდა ნინო გვენეტაძე და ინფორმაცია ამის შესახებ კომიტეტის ფარგლებში მოისმინონ.

„მე ვფიქრობ, რომ ყოფილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები ექნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ შიდა პროცესებზე“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კანონპროექტთან დაკავშირებით პლენარული სხდომაზე მიმართა.

სახალხო დამცველმა საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების განმსაზღვრელი კანონპროექტის ხარვეზებსა და ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნებზე საუბარი თავად მოითხოვა.

ომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში სახალხო დამცველი პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლით გარანტირებულ კომპეტენციას პირველად იყენებს.

ლუკაშენკო: ბელორუსს ვერსად ვერ „წაიღებენ“ და ვერ „გაიყოფენ“

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მის ქვეყანას არ ემუქრება ის, რომ სადმე „წაიღებენ“ და „გაიყოფენ“. მან „როშვა“ უწოდა მითქმა-მოთქმას იმაზე, რომ ბელორუსს ემუქრება სუვერენიტეტის დაკარგვა. „შეუძლებელია ამის გაკეთება, რადგან უკვე დაიბადნენ თავისუფალი და დამოუკიდებელი ბელორუსები“, - განაცხადა ლუკაშენკომ პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მიმართვით გამოსვლის დროს.

თავის წინა გამოსვლებისგან განსხვავებით ლუკაშენკოს 19 აპრილს პირდაპირ აღარ ულაპარაკია რუსეთზე. მან აქცენტი გააკეთა ქვეყნის შიდა პრობლემებზე, სოფლის მეურნეობაზე და მოუწოდა მთავრობას, რომ შეაჩეროს ფასების ზრდა. „გაერთნენ დემოკრატიით და საბაზრო ეკონომიკით“, - განაცხადა ბელორუსის ლიდერმა.

ლუკაშენკო გამოვიდა როგორც ბელორუსული ენის, ისე რუსული ენის მხარდაჭერის მოწოდებით. მისი აზრით, რუსულ ენაზე უარის თქმა, ნიშნავს უარის თქმას გონებაზე, ბელორუსულ ენაზე უარის თქმა კი - გულზე უარის თქმას.

ყოველწლიურ მიმართვაში ლუკაშენკო შეეხო არჩევნების საკითხსაც და განაცხადა, რომ არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გადატანას და იგი ჩატარდება 2020 წელს. ხოლო საპარლამენტო არჩევნები გაიამრთება მიმდინარე წლის შემოდგომაზე.

საფრანგეთში კარვებში მცხოვრები ქართველების ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია

საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ, რადიო თავისუფლებამ განმარტება სთხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

რამდენიმე თვის განმავლობაში საფრანგეთის სამ ქალაქში - პარიზში, სტრასბურგსა და მონპელიეში საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც პოლიტიკური თავშესფრის მოთხოვნით მიმართეს საფრანგეთის მხარეს კარვებში უწევთ ცხოვრება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განმარტებით, ამჟამინდელი მდგომარეობით მონპელიეში 21 კარავია გაშლილი, პარიზში 3 და სტრასბურში 1.

საქართველოს წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე და შეხვდნენ საქართველოს მოქალაქეებს.

„იქ მყოფების უმატესობა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელია, მათ შეტანილი აქვთ განაცხადი და საფრანგეთის ხელისუფლებას სთხოვენ თავშესაფარს. მაღალი მიმართვიანობის გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანების დროული დაკმაყოფილება დროებითი თავშესაფრით, რამაც გამოიწვია, ის, რომ ამ ადამიანებს უწევთ კარვეში ცხოვრება“,- აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

მისი სიტვებით საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრაქტიკის თანახმად, თუ ერთი ქვეყნის მოქალაქე მეორე ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავს, ამ ადამიანის დოკუმენტაცია განიხილება მკაცრად კონფიდენციალურ რეჟიმში, შესაბამისად მიმღები სახელმწიფო მესამე ქვეყანას, მით უმეტეს იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეც სთხოვს თავშესაფარს, არ აცნობებს ამის შესახებ.

„შესაბამისად, ფრანგულმა მხარემ არ აცნობა ქართულ მხარეს, რომ ამ პირებს შეტანილი ჰქონდათ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადი, რაც სრულიად ბუნებრივია“,- აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

მისი თქმით, ფრანგული მხარე თავშესაფრის მაძიებელთა მონაცემებს დეტალურად ამოწმებს, რამაც გამოიწვია, ის რომ ამ ადამიანებისთვის პასუხის გაცემა შეფერხდა.

კითხვაზე, თუ რატომ არ იცოდა ქართულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეთა წინაშე მდგარი პრობლების შესახებ, ვლადიმერ კონსტანტინიდი ამბობს, რომ ვერ ეცოდინებოდა, ვინაიდან ინფორამციის გამცემი ორი წყაროდან (ფრანგული მხარე და თავად საქართველოს მოქალქეები) არც ერთს არ უცნობებია. თუმცა, მოგვიანებით საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელობი საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ადამიანების პრობლემის მოგვარება და შესაბამისად გამოსავალი შეიძლება იყო მხოლოდ ორი -ან ამ მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემა, ან აპლიკაციაზე უარის თქმა. თუმცა კონკრეტულად რა ვადებში მოხდება ეს უცნობია.

საგარეო უწყების თანახმად, ფრანგული მხარე საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის მხოლოდ 3 %-ს აკმაყოფილებს. 2018 წელს ფრანგულ მხარეს საქართველოდან თავშესაფრის თხოვნით 5261 მოქალაქემ მიმართა, მათგან მხოლოდ 290 მიმართვა დაკმაყოფილდა.

ლომჯარია: აუცილებელია პარლამენტმა გაითვალისწინოს ავტორიტეტული ორგანიზაციების მოსაზრებები

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კანონპროექტთან დაკავშირებით პლენარული სხდომაზე მიმართა. მან თავისი სიტყვა დაიწყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ერთ-ერთ იმ ბოლო გადაწყვეტილებაზე საუბრით, რომელიც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის - სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას შეეხება, მოსამართლეთა დანიშვნის წესების ხელყოფის გამო.

„ სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბუნდოვანი კრიტერიუმებისა და თვითნებური გადაწყვეტილების საფუძველზე დანიშნული მოსამართლე არ ითვლება კანონით დადგენილი წესით არჩეულად და კონვენციის მიზნებისთვის ის არის უკანონო. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავწეროთ ისეთი პროცედურა, რომელიც დაგვაზღვევს მსგავსი რისკებისგნ და იარსებებს სამართლებრივი გზები, დარღვეული უფლებების დასაცავად“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, რომლის შეფასებითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა არჩევის სისტემას მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ჰქონდეს.

თავის გამოსვლაში ნინო ლომჯარია მიესალმა იმ ფაქტს, რომ კანონპოროექტის მეორე მოსმენისას დოკუმენტში აისახა რეკომენდაციები მოსამართლეობის კანდიდატთა ე.წ. სავალდებულო გამოცდებისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. სახალხო დამცველმა მოუწოდა პარლამენტს სხვა გადაწყვეტილებებიც ოდირისა (ODIHR) და ევროსაბჭოს შენიშვნების შესაბამისად მიიღოს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელება აუცილებელია:

"მე მესმის, რომ პლენარული სხდომიდან შეუძლებელია კომიტეტზე მსჯელობის დაბრუნება, თუმცა ვფიქრობ, რომ აუცილებელია პარლამენტმა გაითვალისწინოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მოსაზრებები და ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების განმსაზღვრელი კანონპროექტის ხარვეზებსა და ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნებზე საუბარი თავად მოითხოვა.

ომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში სახალხო დამცველი პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლით გარანტირებულ კომპეტენციას პირველად იყენებს.

ამ წუთებში სახალხო დამცველი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

პოროშენკოს მომხრეები „ოლიმპიური“ სტადიონისკენ მიემართებიან

საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებამდე რამდენიმე საათით ადრე კიევის ცენტრში „მაიდან ნეზალეჟნოსტიზე“ შეიკრიბნენ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები, რომლებსაც სიტყვებით მიმართეს კულტურის მინისტრმა, ევგენი მიშჩუკმა, „ვერხოვნა რადას“ სპიკერმა ანდრეი პარუბიმ და სულ ბოლოს თავად პეტრო პოროშენკომ.

„ 2014 წელს ბევრი დეზერტირი გვყავდა, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მათგან მხოლოდ ერთი დეზერტირი აცხადებს პრეტენზიას. როგორ უნდა შეხედოს მან თვალებში ჯარისკაცებს? როგორ შეხედავს თვალებში დაღუპულთა მშობლებს“, - განაცხადა მისი კონკურენტის, ვლადიმირ ზელენსკის მისამართით პეტრო პოროშენკომ, რომელიც არწმუნებს მის მომხრეებს, რომ თუ 21 აირჩევენ, „შემდეგი 5 წლის განმავლობაში პუტინს ელოდება ხმაურიანი მარცხი უკრაინაში.“

მიტინგის მომხრეები „მაიდნიდან“ პეტრო პოროშენკოს სიტყვის დასრულების შემდეგ მისი მომხრეები, მოქმედი პრეზიდენტის მხარდასაჭერად „ოლიმპიური“ სტადიონისკენ გაემართნენ, სადაც მალე გაიმართება დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს - პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის.

უკრაინული მედიის თანახმად, კანდიდატები დებატების დროს 3-3 შეკითხვას უპასუხებენ. ხოლო დებატებს გაუძღვებიან ჟურნალისტები ანდრეი კულიკოვი, პოროშენკოს შტაბის წინადადებით და ელენა ფროლიაკი, რომელიც ზელენსკის შტაბმა შეარჩია.

ვაკეში მუშების გარდაცვალების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით. ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავს.

31 მარტს, შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ს მიერ მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ს მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი.

გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ის დირექტორს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ნატა იმედაიშვილი: ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადება ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაა

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრები ირაკლი ირემაძე და ნატა იმედაიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი უარყოფს მოსაზრებას, რომ დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძის გადაყენება მართული პროცესის შედეგი იყო.

ნატა იმედაიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების მხარდაჭერა იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც ოდესმე მიუღია.

მრჩეველთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე იმედაიშვილი ამბობდა, რომ მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ რამდენად არგუმენტირებული იქნებოდა კაპანაძის გამოსვლა და ეს პოზიცია გაუზიარა საბჭოს სხვა წევრებსაც.

„მოლოდინი მქონდა, რომ საბჭოს ორი წევრის შენიშვნებზე არგუმენტირებული პასუხები იქნებოდა და ამავე დროს, იქნებოდა საუბარი მომავალზე, პერსპექტივაზე და პრობლემების მოგვარებაზე. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვისმინე. არ ვიცი, რამდენი წელი უნდა ვიცოცხლო კიდევ, რომ ეს დღე კარგად გამახსენდეს“ - აცხადებს ნატა იმედაიშვილი.

მისი ინფორმაციით, წელიწადნახევარზე მეტია მიმდინარეობს მსჯელობა აჭარის ტელევიზიასა და რადიოში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის ხელფასების, სტრუქტურის და პრიორიტეტების შესახებ.

ნატა იმედაიშვილის განცხადებით, უნდა დაიწყოს მუშაობა კრიზისის დასაძლევად და ის ფაქტიც, რომ დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ აჭარის ტელევიზიაზე საზოგადოების დაკვირვება გაძლიერდება, ხელს შეუწყობს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ უნდობლობა გამოუცხადა დირექტორს, ნათია კაპანაძეს.

იმპიჩმენტის ინიციატორები იყვნენ საბჭოში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტებით არჩეული გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

ფარულ კენჭისყრამდე საჯაროდ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე კვოტით არჩეულმა ბეჟან გობაძემ განაცხადა, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერდა.

მრჩეველთა საბჭოში კიდევ ორი წევრია - „რესპუბლიკური პარტიის“ კვოტით ირაკლი ირემაძე და „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით ნატა იმედაიშვილი.

მოსკოვი: მიულერი „აღიარებს“, რომ არ მოეპოვება აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მტკიცებულება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 აპრილს გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის სპეცპროკურმა რობერტ მიულერმა „აღიარა“, რომ არ მოეპოვება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის დამადასტურებელი მტკიცებულება.

მიულერის ანგარიშის რედაქტირებულ ვერსიაში, რომელიც კონგრესს გაეგზავნა და 18 აპრილს გამოქვეყნდა ინტერნეტში, დეტალურად არის გადმოცემული არჩევნებში რუსეთის ჩარევა და ის ადასტურებს აშშ-ის დაზვერვის მიერ მანამდე მოპოვებულ მონაცემებს. „რუსეთის მთავრობა მეთოდურად და სისტემატურად ერეოდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში,“ წერია მიულერის ანგარიშში.

„თითქმის ორწლიანი გამოძიების, ათასობით ადამიანის მოწვევის, ასობით ორდერისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ სპეციალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ რუსეთის მთავრობა ხელს უწყობდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის უკანონო მცდელობებს, მაგრამ არ დაუდგენია, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრები ან სხვა ამერიკელები ყოფილიყვნენ გარეული ამ მცდელობებში,“ განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა 18 აპრილს.

მიუხედავად ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების უფროსმა, გიორგი ბორისენკომ 19 აპრილს განაცხადა, რომ მიულერის ანგარიში ადასტურებს, რომ არ არსებობს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მტკიცებულება. „არ არსებობს ერთი დასაბუთებაც კი. ფაქტობრივად, ანგარიშის ავტორებმა აღიარეს, რომ არ არსებობს მტკიცებულება“, განაცხადა ბორისენკომ.

ზუგდიდის სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნაწილობრივ გაამტყუნა

ზუგდიდის სასამართლო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 1500 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მანუჩარ ჩხეტიას. ის ბრალდებული იყო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში.

სასამართლომ ჩხეტია დამნაშავედ ცნო მხოლოდ დაუმორჩილებლობაში.

მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ განაცხადა, რომ მეორე ბრალდების შემთხვევაში, პოლიციამ ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ მანუჩარ ჩხეტიამ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსს, ირაკლი ფაცაციას შეაგინა.

თავად მანუჩარ ჩხეტია არც დაუმორჩილებლობას აღიარებს და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„ეს სასამართლო და ეს შენობა გადაქცეულია გახარიას კანტორად, სადაც ხდება უკანონო გადაწყვეტილების მიღება“ - განაცხადა ჩხეტიამ.

11 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მოხდა დაპირისპირება გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ კონკრეტული პირები უთვალთვალებდნენ, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, სიტუაციის გარკვევის ნაცვლად, პოლიციელებმა კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს.

წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით მანუჩარ ჩხეტიასთან ერთად დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ორი წევრი ანა წითლიძე და გიორგი პატარაია.

18 აპრილს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წითლიძე და პატარაია 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე შეასრულებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის მოვალეობას ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე შეასრულებს დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე.

დღეს, აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ უნდობლობა გამოუცხადა დირექტორს, ნათია კაპანაძეს.

დირექტორის შესარჩევად კონკურსი 10 დღეში უნდა გამოცხადდეს.

ამასთან, ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

მამუკა ბახტაძე: ავლაბრის რეზიდენცია პრეზიდენტის სასახლე არ არის

ავლაბრის რეზიდენცია პრეზიდენტის სასახლე არ არის. ამ შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ფუნქცია, მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის. მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს ამ შენობას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცისა, სადაც მისვლა შეეძლება ყველა საქართველოს მოქალაქეს, ყველა ტურისტს, ვინც საქართველოში ჩამოვა და ნახვა ჩვენი ეროვნული საგანძურისა, რითაც თითოეული ჩვენთაგანი ძალიან ამაყობს.

და თქვენ კითხვას სვამთ, რომ ორმაგი ხარჯი რატომ გვექნება. ამ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქციები აქვს. ეს ერთი და იგივე ფუნქცია არ არის.“-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეკითხვაზე, რომელიც საპრეზიდენტო სასახლეების შენახვის ხარჯებს შეეხებოდა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ავლაბრის სასახლე გადასახადების გადამხდელების, მოქალაქეების ფულით აშენდა და მას საზოგადოებრივი ფუნქცია უნდა ჰქონდეს.

„ეს საზოგადოებრივი ფუნქცია იქნება უზრუნველყოფილი რამდენიმე მიმართულებით, რომელი, ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, ასევე ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარეც“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კაპანაძე: როცა მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვს საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი

ნათია კაპანაძე

"მაშინ, როცა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვს, საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი, შესაბამისად, ეს შედეგიც" - განაცხადა ნათია კაპანაძემ აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ.

ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა პროცესი მართული, კაპანაძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, პროცესი არ იყო შემთხვევითი, თუმცა, შედეგიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ სარედაქციო პოლიტიკა, ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს.“

ნათია კაპანაძის განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და კონკრეტულ საკითხებზეც ამ პროცესის დროს ისაუბრებს.

მისივე თქმით, თავი მომავალშიც საზოგადოებრივ მაუწყებელში წარმოუდგენია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ უნდობლობა გამოუცხადა დირექტორს, ნათია კაპანაძეს.

იმპიჩმენტის ინიციატორები იყვნენ საბჭოში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტებით არჩეული წევრები, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

ფარულ კენჭისყრამდე საჯაროდ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე კვოტით არჩეულმა ბეჟან გობაძემ განაცხადა, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერდა.

მრჩეველთა საბჭოში კიდევ ორი წევრია - „რესპუბლიკური პარტიის“ კვოტით ირაკლი ირემაძე და „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით ნატა იმედაიშვილი, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა.

მამუკა ბახტაძე: გოგა ქობულია კონსულტანტად არ ჩამოგვიყვანია, ის მინისტრი იყო

მამუკა ბახტაძე

გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი, ანალიტიკოსი, რომელმაც ყველა ინდუსტრიულ მიმართულებაში შექმნა განვითარების სტრატეგიები, რომლებიც მომავალში გამოგვადგება-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, რომელსაც მინისტრის რანგში დღეს პირველად ესწრება ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან ნათია თურნავას წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ მასთან საუბრის შედეგად მიიღო და მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ყოფილ მინისტრთან შეხვედრას კიდევ ერთხელ გამართავს.

„თვითონ გოგა ქობულიას განვლილი გზა არის ნათელი პასუხი იმაზე, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი. მინდა შეგახსენოთ, ის გახლდათ მაკინზის უფროსი პარტნიორი. თვითონ ეს ფაქტი არის მეტყველი იმაზე, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და ვფიქრობ, რომ მან ეს მნიშვნელოვანი ცოდნა გამოიყენა იმ განვითარების გეგმების მოსამზადებლად სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების მიხედვით, რომელიც ერთად თავს იყრის ეკონომიკის სამინისტროში“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი განმარტებით, გიორგი ქობულიას მინისტრად დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო -"გოგა ქობულია კონსულტანტად ნამდვილად არ ჩამოგვიყვანია, ის ჩამოვიყვანეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ქვეყანას სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები სჭირდება და "თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ის შედეგი ვაჩვენოთ, რასაც შევპირდით, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს".

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია პრემიერ-მინისტრმა დაკავებული თანამდებობიდან 18 აპრილს გაათავისუფლა. მინისტრის პოსტზე იგი მისმა მოადგილემ, ნათია თურნავამ შეცვალა.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა დირექტორს, ნათია კაპანაძეს.

ფარული კენჭისყრისას იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა საბჭოს ხუთიდან ოთხმა წევრმა.

იმპიჩმენტის ინიციატორები იყვნენ საბჭოში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტებით არჩეული წევრები, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

ფარულ კენჭისყრამდე საჯაროდ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე კვოტით არჩეულმა ბეჟან გობაძემ განაცხადა, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერდა.

მრჩეველთა საბჭოში კიდევ ორი წევრია - „რესპუბლიკური პარტიის“ კვოტით ირაკლი ირემაძე და „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით ნატა იმედაიშვილი, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა.

ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

დღეს კიევის სტადიონზე დებატებს გამართავენ პეტრო პოროშენკო და ვოლოდიმირ ზელენსკი

დღეს აგიტაციის უკანასკნელი დღეა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. ადგილობრივი დროით 19 საათზე სტადიონ „ოლიმპიურზე“ კანდიდატები - შოუმენი და პროდიუსერი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო - წინასაარჩევნო დებატებს გამართავენ.

სტადიონზე დებატები ზელენსკის წინადადებით იმართება. კანდიდატები დიდხანს ვერ ათანხმებდნენ დებატების ჩატარების დროს. 14 აპრილს პოროშენკო მივიდა კიდეც სტადიონზე, სადაც მხარდამჭერების წინაშე გამოვიდა.

პუბლიკისთვის გახსნილი იქნება არა ყველა ტრიბუნა, არამედ რამდენიმე სექტორი რამდენიმე ათასი ადამიანისთვის. მოეწყობა ორი სცენა. დებატები ერთ საათს გასტანს. 20 საათზე კანდიდატები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ უკრაინის საზოგადოებრივი ტელევიზიის სტუდიაში, სადაც კანონით გათვალისწინებული დებატები უნდა გაიმართოს. მაგრამ ზელენსკის შტაბში აცხადებენ, რომ მათი კანდიდატი მასზე არ გამოცხადდება.

სულ მცირე ერთი მრჩეველი არ ემხრობა აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებას

ბეჟან გობაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არჩეული ბეჟან გობაძე მხარს არ უჭერს დირექტორისთვის, ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებას. გობაძემ პროცესებს მართული უწოდა.

კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვენ საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არჩეული მეორე წევრი, ირაკლი დარცმელიძე და „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული გიგა ჩხარტიშვილი.

საბჭოში კიდევ ორი წევრია - „რესპუბლიკური პარტიის“ კვოტით ირაკლი ირემაძე და "თავისუფალი დემოკრატების" კვოტით ნატა იმედაიშვილი, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა.

ზაქარია ქუცნაშვილი: განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის

ზაქარია ქუცნაშვილი

„ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის",- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას პოსტიდან წასვლის საკითხის კომენტირებისას.

სად იყვნენ სხვები, როცა მე არათუ განსხვავებულ მოსაზრებებს, არამედ საწინააღმდეგო პოზიციას ვაფიქსირებდი ხშირ შემთხვევაში და ამას ჩემი და ბატონი ბიძინას ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე გავლენა არ მოუხდენია. არ არის ეს კაცი ისეთი, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს, რომ ის ადამიანებს დევნის განსხვავებული აზრის გამო. ყველა შემთხვევაში ის ითხოვს ახსნას, დასაბუთებას და ბევრჯერ გავმხდარვარ მოწმე იმისა, რომ ახსნილი და დასაბუთებული მოსაზრების შემთხვევაში მას შეუცვლია პოზიცია“,- აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა. იგი ამბობს, რომ არ იცის რა გახდა გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG