Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევება ურთიერთობის შემდგომ გაუარესებას ნიშნავს


თეთრი სახლი
თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მოულოდნელი არ ყოფილა რუსეთის გადაწყვეტილება, 60 ამერიკელი დიპლომატის გაძევების შესახებ და ვაშინგტონი ყველაფერს გაარკვევს. თეთრი სახლის შეფასებით, მოსკოვის ნაბიჯი ნიშნავს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების შემდგომ გაუარესებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 29 მარტს განაცხადა, რომ 5 აპრილამდე ქვეყანა უნდა დატოვოს 60-მა ამერიკელმა დიპლომატმა და ორ დღეში უნდა დაიხუროს სანკტ-პეტერბურგში აშშ-ის საკონსულო. მანამდე, 26 მარტს, აშშ-მა ქვეყნის დატოვება მოთხოვა რუსეთის დიპლომატიური მისიის 60 თანამშრომელს და დახურა სიეტლში რუსეთის საკონსულო. ვაშინგტონმა გადაწყვეტილება მიიღო დიდ ბრიტანეთში, ქიმიური ნივთიერების გამოყენებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, რაშიც ლონდონი მოსკოვს ადანაშაულებს. 29 მარტს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ამერიკელი დიპლომატების გაძევება გაუმართლებელი ქმედებაა, განსხვავებით აშშ-ის გადაწყვეტილებისგან, რომელიც მოჰყვა დიდ ბრიტანეთში მომხდარ თავდასხმას. ნოიერტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი საპასუხო მოქმედების უფლებას იტოვებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებით, რუსეთი თვითიზოლაციას განაგრძობს და ცდილობს თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს. ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, რეალურად მსხვერპლნი არიან დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის კლინიკაში მყოფი ადამიანები, სამედიცინო პერსონალი და მაშველები, რომლებიც ქიმიური იარაღის მოქმედების ზონაში აღმოჩნდნენ. ნოიერტმა დეზინფორმაციის კამპანია უწოდა რუსეთის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ მოსკოვს არანაირი კავშირი არ აქვს სოლსბერიში ქიმიურ თავდასხმასთან და აღნიშნა, რომ ისინი პროპაგანდის ოსტატები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG