Accessibility links

IDFI-მ 2017 წლის ყველაზე დახურულ დაწესებულებად დაასახელა შემოსავლების სამსახური


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა,“(IDFI) რომელიც 2010 წლიდან ახორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს, 30 მარტს მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. 2017 წელს, 289 საჯარო დაწესებულებისთვის გაგზავნილი 7 728 მოთხოვნიდან ორგანიზაციამ სრულყოფილი პასუხი მიიღო 4 604 განცხადებაზე, არასრულყოფილი პასუხი გაეცა 483 მოთხოვნას, უარი მიიღეს 51 შემთხვევაში, უპასუხოდ დარჩა 946 მოთხოვნა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება, ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია. IDFI-ს მონაცემებით, 2017 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა 39 საჯარო დაწესებულებას, მათ შორის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ენერგეტიკის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს. 2017 წლის ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა შემოსავლების სამსახური, რომელმაც უპასუხოდ დატოვა მისთვის გაგზავნილი 29-ვე მოთხოვნა. IDFI-ს მონაცემებითვე, 2017 წელს გარკვეული პროგრესი შეიმჩნეოდა 2016 წელს ყველაზე დახურულ უწყებად დასახელებული იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, რომელმაც 2016 წლის 0%-იანი მაჩვენებელი 74,9%-ით გააუმჯობესა. ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის, 2017 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის გაუმჯობესებით გამოირჩეოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 46,2%-იანი მატებით.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG