Accessibility links

საქართველოში აღინიშნება დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე


1991 წლის 10 აპრილი, თბილისი

საქართველოში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა. 27 წელი გავიდა 1991 წლის 31 მარტს საქართველოში გამართული საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმიდან. ამ დღეს დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98 %-მა.

რეფერენდუმიდან რამდენიმე დღეში, 1991 წლის 9 აპრილს, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო “სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.

საქართველოს მოსახლეობას რეფერენდუმის დღე ფეისბუკით მიულოცეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

"1991 წლის 31 მარტი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში - ამ დღეს გამართული რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და განსაზღვრა საქართველოს მომავალი... ამ ისტორიული დღის მთავარი მოქმედი პირი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო, რომელსაც დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა. ვულოცავ მთელ საქართველოს რეფერენდუმის დღეს, ვუსურვებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას." - წერს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

"31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა თვალსაჩინოდ გამოხატა ურყევი ნება სახელმწიფოებრიობის აღდგენისა", - წერს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. - "მაშინ ყველამ ერთხმად, აფხაზებთან და ოსებთან ერთად მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ, რომ მიზნად ვისახავთ გავხდეთ თანამედროვე დემოკრატიული თანამეგობრობის ღირსეული წევრი, დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური კულტურის ერს სამართლიანად გვეკუთვნის..."

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG