Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესტიაში შეთანხმება ვერ შედგა შს მინისტრის მოადგილესა და აქციის მონაწილეებს შორის


ელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში. 2018 წლის 14 მარტი
ელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში. 2018 წლის 14 მარტი

"მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შეთანხმება ვერ შედგა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან. სააგენტო "ინტერპრესნიუსის" თანახმად, მესტიაში, სადაც ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია დილიდან მიმდინარეობდა, შს მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე ჩავიდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მაია კახიანის ინფორმაციით, კახაბერ საბანაძე ადგილობრივებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. „გვითხრა, რომ გვიშუამდგომლებს ეკონომიკის სამინისტროსთან ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით, მაგრამ დათმობას არ ვაპირებთ. ახლა რომ ეს ტექნიკა გავატაროთ, ისევ გააგრძელებენ სამუშაოებს და ყურადღებას არავინ მოგვაქცევს“, - განაცხადა მაია კახიანმა.

31 მარტს სვანეთში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები აპროტესტებენ ელექტროსადგურ „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობას. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნარგიზ ნიგურიანმა სააგენტო “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევს, რადგან აღნიშნული მშენებლობა დაუშვებელია.

„მესტიაჭალა ჰესის“ მშენებელი კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ ინფორმაციით, მშენებლობა დაგეგმილი გრაფიკით გრძელდება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზისა და კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. „მესტიაჭალა ჰესი არის მწვანე, მცირე ზომის, არადაგუბებითი, მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე”, - აცხადებენ კომპანიაში. „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდის მანძილზე მოსახლეობის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ გამომჟღავნებულა - აცხადებს ჰესის მშენებელი კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ წარმომადგენელი სოფო ნატროშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG