Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის პორტის მოშიმშილე თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგდა


შიმშილობის აქცია თავდაპირველად დაიწყო ბათუმის პორტის ექვსმა თანამშრომელმა. 2018 წლის 2 აპრილი
შიმშილობის აქცია თავდაპირველად დაიწყო ბათუმის პორტის ექვსმა თანამშრომელმა. 2018 წლის 2 აპრილი

6-დან 12-მდე გაიზარდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის შენობაში მოშიმშილე თანამშრომლების რაოდენობა. საპროტესტო აქცია 2 აპრილს, დილით დაიწყო. პორტის თანამშრომლები აპროტესტებენ მოსალოდნელ ცვლილებებს, რომლებსაც მათი ინფორმაციით, გეგმავს საზღვაო ნავსადგურის ახალი გენერალური დირექტორი, დანიარ მუხამედ რახირი. შიმშილობის აქციის მონაწილეთა შორისაა ბათუმის პორტის პროფკავშირების თავმჯდომარე, ამირან მიქელაძე. მისი ინფორმაციით, პორტის ადმინისტრაცია დასაქმებულებზე მორალურ ზეწოლას ახორციელებს და აუთსორსინგს სთავაზობს. „რაც იმას ნიშნავს რომ პორტის თანამშრომლების ნაცვლად სამუშაოს შეასრულებენ მოწვეული კომპანიები, სადაც ჩვენ თანამშრომლებს ხელშეკრულებით აიყვანენ. ჩვენ კი წინააღმდეგი ვართ, რადგან პორტის 701 თანამშრომელი შტატშია. გარდა ამისა, გვაქვს ცუდი გამოცდილება ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ როგორ გაუშვეს თანამშრომლები სამსახურიდან“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას ამირან მიქელაძემ. თავის მხრივ, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა, დანიარ მუხამედ რახირმა, პროფკავშირების წარმომადგენლები მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა და უარყო, რომ თანამშრომლებს აცნობეს შესაძლო დათხოვნის შესახებ. „კოლექტივისგან ვითხოვთ საინიციატივო ჯგუფის შექმნას საკითხის განსახილველად, რადგან გაფიცვისთვის იურიდიული საფუძველი არ არსებობს. შეტყობინება შემცირების შესახებ არ გაგზავნილა. დღეს ყველას აღელვებს აუთსორსინგის საკითხი. დიახ, ადმინისტრაცია მუშაობს პორტში არსებული ეკონომიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად“ - განაცხადა რახირმა. 2018 წლის თებერვალში ბათუმის პორტიდან დაითხოვეს საპენსიო ასაკს მიღწეული 21 თანამშრომელი, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, მათთან შეთანხმების საფუძველზე. ბათუმის საზღვაო ნავსადგურს მართავს ბათუმის ნავთობტერმინალი, რომლის მფლობელი 2008 წელს გახდა ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზ“-ის შვილობილი კომპანია „ყაზტრანსოილი.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG