Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა საქმე აღძრა უკრაინის შს-თა მინისტრის წინააღმდეგ


არსენ ავაქოვი
არსენ ავაქოვი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაქოვის წინააღმდეგ. მას რუსეთის მოქალაქეთა საარჩევნო უფლების ხელყოფაში ადანაშაულებენ. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, 2018 წლის 18 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დღეს, არსენ ავაქოვის პირადი განკარგულებით რუსეთის მოქალაქეები ხმის მისაცემად არ შეუშვეს კიევში, ლვოვში, ოდესასა და ხარკოვში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გახსნილ უბნებზე. საგამოძიებო კომიტეტი მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებით ავაქოვმა დაარღვია რუსეთის მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და ინტერესები. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაქოვმა 16 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები, გარდა დიპლომატებისა, არ დაიშვებიან უკრაინის ტერიტორიაზე გახსნილ საარჩევნო უბნებზე. ამ განცხადებას წინ უძღოდა უკრაინის პროტესტი ანექსირებულ ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების გამო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საპასუხოდ, არსენ ავაქოვმა ტვიტერზე დაწერა, რომ ემსახურება უკრაინელ ხალხს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG