Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატმა უარი თქვა კლიენტის დაცვაზე


ადვოკატმა ვიქტორ ჩევგუზმა უარი თქვა პატიმრობაში მყოფი სახალხო დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს დაცვაზე. აცილების განცხადება ადვოკატმა გაუგზავნა უკრაინის უშიშროების სამსახურს. უკრაინის ეროვნული გმირი და დეპუტატი ქალი უშიშროების სამსახურმა კიევში დააკავა მას შემდეგ, რაც 22 მარტს, პარლამენტმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის მიმართვა და ხმათა უმრავლესობით სავჩენკოს მოუხსნა დეპუტატის იმუნიტეტი. პროკურატურის ბრალდებით, ნადეჟდა სავჩენკო მოქმედებდა 8 მარტს დაკავებულ, ორგანიზაცია „ოფიცერთა კორპუსის“ ხელმძღვანელთან, ვლადიმირ რუბანთან ერთად და მათი მიზანი იყო კონსტიტუციური წყობის დამხობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ნადეჟდა სავჩენკო ბრალდებას უარყოფს და ციხეში შიმშილს განაგრძობს. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ადვოკატმა ვიქტორ ჩევგუზმა თავი აარიდა დაცვაზე უარის თქმის მიზეზე საუბარს. თუმცა, მისი განცხადების თანახმად, აცილების გადაწყვეტილება მოტივირებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლით, რომელიც ადვოკატს უფლებას აძლევს უარი თქვას საქმეზე „მისი დაცვის ქვეშ მყოფთან უთანხმოების გამო“. მოგვიანებით ადვოკატმა ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა აღნიშნული განცხადება, რომელშიც წერია, რომ ეს ნაბიჯი შეთანხმებულია დაცვის ქვეშ მყოფ სავჩენკოსთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG