Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა


ლატვიის, ესტონეთის, ლიტვის და აშშ-ის პრეზიდენტების პრესკონფერენცია. ვაშინგტონი, 2018 წლის 3 აპრილი
ლატვიის, ესტონეთის, ლიტვის და აშშ-ის პრეზიდენტების პრესკონფერენცია. ვაშინგტონი, 2018 წლის 3 აპრილი

თეთრ სახლში გაიმართა აშშ-ის, ლიტვის, ესტონეთის და ლატვიის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის, დალია გრიბაუსკაიტეს, კერსტი კალიულაიდისა და რაიმონდს ვეიონისის შეხვედრა. ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტს მიმართეს, მეტი გააკეთოს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესაკავებლად. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობას. ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ აფინანსებს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებს და ნატოს რეფორმირებას, რათა ალიანსი უფრო ძლიერი გახდეს. დონალდ ტრამპის შეფასებით, მასსავით მკაცრი პოლიტიკა რუსეთის მიმართ არავის ჰქონია, თუმცა, იდეალურ ვარიანტად მიაჩნია რუსეთთან კარგი ურთიერთობა. ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ განაგრძობენ ნატოს ხარჯების დაფინანსების ვალდებულების შესრულებას და იმედი გამოთქვეს, რომ აშშ გააძლიერებს ბალტიისპირეთის რეგიონში თავის სამხედრო ძალებს. ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები აშშ-ის ერთგულ მოკავშირებად რჩებიან. გრიბაუსკაიტემ ხაზი გაუსვა ნატოს სახელმწიფოების ვალდებულებას, ერთმანეთი დაიცვან გარეშე მტრებისგან. 3 აპრილს, აშშ-ის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტების შეხვედრის წინ, თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ვაშინგტონი ბალტიისპირეთის ქვეყნებს გამოუყოფს დაახლოებით 100 მილიონ დოლარს მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალების შესაძენად და 70 მილიონ დოლარზე მეტს სამხედროების მომზადების და აღჭურვის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო გააძლიერებს ურთიერთქმედებას ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის შეიარაღებულ ძალებთან ყოველწლიური სამხედრო სწავლებების, BALTOPS-ის და Saber Strike-ის ფარგლებში. ბალტიისპირეთში წელს დაგეგმილ წვრთნაში Saber Strike-ში მონაწილეობას მიიღებს 5 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო. თეთრი სახლის ცნობითვე, აშშ ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს გამოუყოფს 3 მილიონ დოლარს საზოგადოებრივი მაუწყებლების და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად და დეზინფორმაციის გავრცელებასთან საბრძოლველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG