Accessibility links

ბათუმის პორტმა მუშაობა განაახლა, შიმშილობის აქცია კი გრძელდება


ბათუმის პორტის თანამშრომლები ადმინისტრაციის შენობაში 2 აპრილიდან შიმშილობენ

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა 4 აპრილს, დღის მეორე ნახევარში მუშაობა განაახლა. კოლეგებს მუშაობის განახლებისკენ მოუწოდეს შიმშილობის აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც შეხვედრა გამართეს პორტის მმართველი „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალურ დირექტორთან, მურად ჯუმადილაევთან. მოლაპარაკებას ესწრებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შიმშილობის აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თენგიზ სურმანიძემ პორტის თანამშრომლებს მიმართა მუშაობა გაანახლონ იმისათვის, რომ არ დაზარალდეს წარმოება და საერთო საქმე. სურმანიძის ინფორმაციით, შიმშილობას განაგრძობს პორტის 6 თანამშრომელი, სანამ თანამდებობიდან არ გადადგება საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორი, დანიარ მუხამედ რახიმი. უცვლელია მუდმივი კონტრაქტების შენარჩუნების მოთხოვნაც. თენგიზ სურმანიძის განცხადებით, სირთულეების მიხედავად ორივე მხარე კომპრომისზე წავიდა, რათა სიტუაცია განიმუხტოს. მოშიმშილეებთან შეხვედრის შემდეგ, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალურმა დირექტორმა, მურად ჯუმადილაევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პორტის დირექტორის გათავისუფლება მისი კომპეტენცია არ არის. „ხვალ ჩამოვლენ "ყაზმუნაიგაზის" წარმომადგენლები, ჩაერთვებიან მოლაპარაკებებში და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ" - განაცხადა ჯუმადილაევმა. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროცესში საქართველოს ხელისუფლება ერევა და პორტის ხელოვნურად გაკოტრებას ცდილობს. „პირიქით, ბიზნესგარემო კარგია. ყაზახური და ქართული ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ამას ვუფრთხილდებით. პორტში რთული ვითარებაა ტვირთბრუნვებთან დაკავშირებით, თუმცა, არ არის ფინანსური კრიზისი“ - განაცხადა „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალურმა დირექტორმა. ბათუმის პორტის თანამშრომელთა შიმშილობის აქცია 2 აპრილს დაიწყო. მიშიმშილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს ნავსადგურის დანარჩენმა თანამშრომლებმაც, რომლებმაც მუშაობა შეწყვიტეს. საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პორტის ადმინისტრაციამ რეორგანიზაცია გადაწყვიტა და თანამშრომლებს შესთავაზა ე.წ. აუთსორსინგი, ანუ ხელშეკრულებით დასაქმება საზღვაო ნავსადგურში მიწვეულ კომპანიებში. ბათუმის პორტს მართავს „ბათუმის ნავთობტერმინალი,“ რომლის მფლობელი 2008 წელს გახდა ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანია „ყაზტრანსოილი.“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG