Accessibility links

ბათუმის პორტის თანამშრომელთა შიმშილობის აქციის 2 მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს


ბათუმის პორტის თანამშრომელთა შიმშილობის აქცია 2 აპრილს დაიწყო

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელთა შიმშილობის აქციის ორი მონაწილე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავამდყოფოში გადაიყვანეს. მათ, ექიმების ინფორმაციით, მაღალი არტერიული წნევა და გულის შეტევის ნიშნები აქვთ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ამჟამად შიმშილობის აქციაში მონაწილეობს პორტის 4 თანამშრომელი. 5 აპრილს დილით, ისინი შეხვდნენ ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, რომელიც ბათუმში საგანგებოდ ჩავიდა პორტში შექმნილი ვითარების გამო. შეხვედრაზე, რომელშიც მედიატორად მონაწილეობდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, შიმშილობის აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს პორტის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან დანიარ მუხამედ რახიმის გათავისუფლება. „ყაზმუნაიგაზის“ წარმომადგენელმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა. ბათუმის პორტის თანამშრომელთა შიმშილობის აქცია 2 აპრილს დაიწყო. მიშიმშილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს ნავსადგურის დანარჩენმა თანამშრომლებმაც, რომლებმაც მუშაობა შეწყვიტეს. 4 აპრილს, პორტის მმართველი „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალურ დირექტორთან, მურად ჯუმადილაევთან შეხვედრის შემდეგ, შიმშილობის აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ორივე მხარე გარკვეულ კომპრომისზე მიდის და კოლეგებს თხოვეს მუშაობის განახლება. ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პორტის ადმინისტრაციამ რეორგანიზაცია გადაწყვიტა და თანამშრომლებს შესთავაზა ე.წ. აუთსორსინგი, ანუ ხელშეკრულებით დასაქმება საზღვაო ნავსადგურში მიწვეულ კომპანიებში. თავის მხრივ, თანამშრომლები მოითხოვენ მუდმივი კონტრაქტების შენარჩუნებას. ბათუმის პორტს მართავს „ბათუმის ნავთობტერმინალი,“ რომლის მფლობელი 2008 წელს გახდა ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანია „ყაზტრანსოილი.“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG