Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაშავებული მაღაროელის ცოლი: შახტში რომ მიდიოდა, სულ მეშინოდა


ქუთაისის კლინიკა, სადაც დაშავებული მაღაროელები იმყოფებიან
ქუთაისის კლინიკა, სადაც დაშავებული მაღაროელები იმყოფებიან

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, ირაკლი გოგინავამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ კლინიკაში მოთავსებული ორი ტყიბულელი მაღაროელიდან ერთს, 36 წლის პაციენტს სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა და თავის ტრავმა აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პალატაში იმყოფება. ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაშია მეორე, 55 წლის პაციენტი, რომელსაც თავის და გულ-მკერდის მასიური ტრავმა და სახის ძვლების მოტეხილობა აქვს და მისი მდგომარეობა საშუალოზე მაღალი სიმძიმისაა. ამასთან, ექიმის განცხადებით, ჰოსპიტალში შეყვანის შემდეგ, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ესაუბრა ერთ-ერთი დაშავებული მაღაროელის ცოლი, დალი ნიქაბაძე. მისი ქმარი მინდელის სახელობის შახტში ღამის, მეოთხე ცვლაში მუშაობდა. „30 წელია მუშაობს, ანაზღაურება 800 ლარია. სხვა რა გზაა, ტყიბულში სხვა სამუშაო არ არის, მაგით ვარსებობთ. შახტში რომ მიდიოდა სულ მეშინოდა რომ არაფერი დაემართოს“ - უთხრა რადიო თავისუფლებას დალი ნიქაბაძემ. ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მყოფი მაღაროელები მოინახულა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მაღაროელი. უფრო მძიმედ დაშავებული ორი მაღაროელი ქუთაისში გადაიყვანეს, ერთი კი ტყიბულის საავადმყოფოში. წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი ე.წ. სამთო დარტყმაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG