Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Times: ბრიტანულმა დაზვერვამ დაადგინა რუსეთში "ნოვიჩოკ"-ის წარმოების ადგილი


სერგეი სკრიპალის სახლი ქალაქ სოლსბერიში
სერგეი სკრიპალის სახლი ქალაქ სოლსბერიში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, ნივთიერება „ნოვიჩოკი,“ რომლითაც მარტში, ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, წარმოებული იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ შიხანის დახურულ სამხედრო, სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე. ამის შესახებ 6 აპრილს იუწყება ბრიტანული გაზეთი The Times-ი. გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებმა მათ მიერ მოპოვებული მონაცემები დახურულ ბრიფინგზე გააცნეს მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენლებს. გაზეთის ცნობითვე, ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში მიიჩნევენ, რომ შიხანის დახურულ ლაბორატორიაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ცდიდნენ „ნოვიჩოკ“-ს, როგორც ეფექტურ საშუალებას ე.წ. წერტილოვანი მკვლელობისთვის. 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სკრიპალების მოსაწამლად გამოყენებული იყო რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი.“ ბოლო დღეებში იულია სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, სერგეი სკრიპალის მდგომარეობა კი კვლავ სტაბილურად მძიმეა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა მკვლელობის მცდელობაში რუსეთს ადანაშაულებს. მოსკოვში ბრალდებას უარყოფენ და მიიჩნევენ, რომ ლონდონი ხელოვნურად ამწვავებს ანტირუსულ ისტერიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG