Accessibility links

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებნი უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვენ


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მოსახლეობა სამართალდამცავებისგან ითხოვს უსაფრთხოების ზომები გააძლიერონ აღდგომის დღესასწაულის დღეებში, 8 და 9 აპრილს. ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის სასაფლაოს ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. კირბალელებმა რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ ოჯახის წევრების და ნათესავების საფლავებზე მისვლას აპირებენ, ამიტომ პოლიციისგან მოითხოვენ პატრულირების გაძლიერებას. გასულ წელს, სოფელ კირბალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია იცავდა და მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან პოლიცია წელსაც მობილიზებული იქნება. ამასთან, თავზარაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომლებიც ე.წ. გამყოფ ხაზზე მდებარეობენ, მერის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან და ურჩევენ, საოკუპაციო ხაზი არ გადაკვეთონ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული ღრომის ხეობა ესაზღვრება. სოფლის ტყის ნაწილი, სასაფლაო და სალოცავი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, კირბალელებს ყველაზე ხშირად სწორედ ამ ადგილებში აკავებენ და ცხინვალის იზოლატორში გადაჰყავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG