Accessibility links

საქართველოში პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას


29 წელი შესრულდა საბჭოთა არმიის სამხედროების მიერ თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან. 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაიღუპა 21 ადამიანი. ასობით დაშავდა და მოიწამლა რუსი ჯარისკაცების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და ქიმიური ნივთიერების გამოყენების შედეგად. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მდებარე მემორიალთან. „1989 წლის 9 აპრილი არის დღე, როცა მრავალი თაობა გაერთიანდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩვენი ქვეყანა არ შეეგუა 1921 წელს დამოუკიდებლობის დაკარგვას და მრავალი წლის შემდეგ ამ ადამიანებმა თავგანწირვით შეძლეს კიდევ ერთხელ გაეთავისუფლებინათ ქვეყანა“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც მემორიალი გვირგვინით შეამკო. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მემორიალთან მიაგო პატივი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმაც. „როცა საუბარია იმის თაობაზე, რომ ცივი ომი დამთავრდა მშვიდად, მინდა ყველას გავახსენო, რომ აი აქ, საქართველოში, როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ეს ომი არ იყო ძალიან ცივი, ამ ომს მაშინ ეწირებოდნენ ჩვენი მოქალაქეები და მადლობა მათ, რომ ჩვენ თავისუფალი ვართ და მემგონი იმ ქვეყნებმაც, რომლებმაც მშვიდად დაასრულეს ცივი ომი და უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობენ, მათ კეთილდღეობაშიც ამ ადამიანების ღვაწლი დიდია," - განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ აღდგენილად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG