Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის აქციები მკვეთრად გაიაფდა


რუსეთის ალუმინიუმის კომპანია „რუსალის“ აქციები მკვეთრად გაიაფდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები დაუწესა მას და მის თანამფლობელს, რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას. ჰონ-კონგის საფონდო ბირჟაზე „რუსალის“ აქციის ღირებულება თითქმის განახევრდა, ხოლო მოსკოვის ბირჟაზე მან 20%-ზე მეტი დაკარგა. ლონდონში შეაჩერეს კომპანია En+ Group-ის აქციებით ვაჭრობა, მას შემდეგ რაც აქციის ფასი თითქმის მეოთხედით დაეცა. დაღმასვლა შეეხო რუსეთის საფონდო ინდექსებსა და რუბლის კურსსაც. ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი გამოვიდა წინადადებით, რომ სახელმწიფო დაეხმაროს რუსეთის კომპანიებს, რომლებსაც აშშ-ის სანქციები შეეხო. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გასულ კვირაში „რუსალი“ და დერიპასკასთან დაკავშირებული სხვა კომპანიებიც შეიყვანა იმ 12 რუსული კომპანიის რიცხვში, რომელთაც ფინანსური შეზღუდვები დაუწესა. აშშ მიზნად ასახელებს მოსკოვის დასჯას „გლობალური მასშტაბით მავნე ქმედებებისათვის“. ფინანსური შეზღუდვები, რაც საბანკო ანგარიშების გაყინვასაც ითვალისწინებს, ვრცელდება როგორც კომპანიებზე, ისე ინდივიდებზე, კერძოდ, რუსეთის პოლიტიკური და ბიზნესელიტის 20-ზე მეტ წარმომადგენლზე, რომელთა შორის არიან პუტინთან დაახლოებული პირები, დერიპასკას ჩათვლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG