Accessibility links

აშშ-მა რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა მშვიდობიანი სირიელების მკვლელობის გამო


ნიკი ჰეილი

გაეროს უშიშროების საბჭო 10 აპრილს განაახლებს მსჯელობას რეზოლუციის მისაღებად სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. 9 აპრილს, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ საბჭოს წევრებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საერთაშორისო მექანიზმის აღდგენას და ქალაქ დუმის მოსახლეობისთვის შეუფერხებელი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას. ნიკი ჰეილიმ რუსეთი დაადანაშაულა სირიის ხელისუფლების მხარდაჭერაში და პასუხისმგებლობა დააკისრა მშვიდობიანი სირიელების, მათ შორის ბავშვების მკვლელობის გამო. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, სწორედ რუსი სამხედროები ხელმძღვანელობენ ასადის მოწინააღმდეგე სირიელი მეამბოხეების კონტროლქვეშ მყოფი რაიონების ბლოკირებას და სირიის არმიას ჰაერიდან ეხმარებიან რუსული თვითმფრინავები. ნიკი ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოს შეახსენა, რომ რუსეთმა უკვე 11-ჯერ დაადო ვეტო რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც მიმართული იყო სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულის აღსაკვეთად. აშშ-ის პოზიციას მხარი დაუჭირეს გაეროში საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენლებმა. თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა რუსეთის და სირიის ხელისუფალთა მიმართ ცილისწამებაში, შეურაცხყოფასა და შანტაჟში. ნებენზიას განცხადებით, ვაშინგტონმა და მისმა ბრმად მიმდევარმა პარიზმა და ლონდონმა უსაფუძვლოდ აირჩიეს კონფრონტაციული პოზიცია მოსკოვის და დამასკის მიმართ და სხვებსაც აიძულებენ ამ გზას მისდიონ. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგნლის მტკიცებით, სირიის ქალაქ დუმაში არანაირი ქიმიური თავდასხმა არ ყოფილა. ჰუმანიტარული ორგანიზაციების ინფორმაციით, 7 აპრილს, სირიის სამთავრობო ძალების ალყაში მყოფ აღმოსავლეთ ღუტის რაიონის ქალაქ დუმაში გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი, რომელსაც ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG