Accessibility links

აშშ-ის სანქციების გამო გრძელდება რუსი მილიარდერების "გაღარიბება"


ვლადიმირ პოტანინი

აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ახალ სანქციებზე ინვესტორთა რეაქციის შედეგად, 50 რუსი მილიარდერის ქონება საერთო ჯამში, უკვე შემცირდა 16 მილიარდ დოლარზე მეტით - ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება. მისი ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა კომპანია „ნორილსკის ნიკელის“ გენერალური დირექტორი ვლადიმირ პოტანინი, რომელმაც ბოლო დღეებში დაკარგა 2,2 მილიარდი დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ პირადად პოტანინს ამერიკული სანქციები არ შეხებია, მისი კომპანიის აქციები 16%-ზე მეტით გაიაფდა. 1,37 მილიარდი დოლარი დაკარგა კომპანია „ლუკოილის“ ხელმძღვანელმა, ვაგიტ ალეკპეროვმა და 1,28 მილიარდი კომპანია „რენოვას“ მფლობელმა, ვიქტორ ვექსელბერგმა. ზარალს განიცდის კომპანია „რუსალის“ პრეზიდენტი, მილიარდერი ოლეგ დერიპასკაც, რომელმაც „ბლუმბერგის“ შეფასებით უკვე დაკარგა 905 მილიონი დოლარი, ხოლო „ფორბსის“ მონაცემებით, 1,3 მილიარდი. ამერიკული სანქციების შემდეგ, „რუსალის“ აქციების ფასი განახევრდა, რის გამოც 9 აპრილს, კომპანიამ არ გამორიცხა ტექნიკური დეფოლტი. 6 აპრილს, აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის 24 მოქალაქეს და 14 კომპანიას. მათ შორის „გაზპრომის“ და „ვნეშტორგბანკის“ ხელმძღვანელებს, ალექსეი მილერს და ალექსეი კოსტინს, უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვლადიმირ კოლოკოლცევს, დუმის დეპუტატს, კონსტანტინ კოსაჩოვს და მილიარდერებს, ოლეგ დერიპასკას, სულეიმან კერიმოვს და ვიქტორ ვექსელბერგს. კომპანიებს შორის მოხვდნენ "გაზპრომ ბურენიე," "როსობორონექსპორტი" და "რენოვა." სანქციების გამო გაიყინა ამ ფიზიკური და იურიდიული პირების ამერიკული საბანკო ანგარიშები და შეერთებული შტატების მოქალაქეებს და კომპანიებს აეკრძალა მათთან საქმიანი კონტაქტები. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა 6 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა მტრულ მოქმედებებში მონაწილეობს მთელ მსოფლიოში, მათ შორის აგრძელებს ყირიმის ოკუპაციას და სირიის პრეზიდენტ ასადის მხარდაჭერას, ცდილობს დასავლური დემოკრატიების ხელყოფას და მტრულ კიბერაქტივობას აწარმოებს. მნუჩინის განმარტებით, რუსი ოლიგარქები და ელიტა, რომლებიც სარგებელს იღებენ კორუმპირებული სისტემისგან, აღარ განიხილებიან მათი მთავრობის დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის შედეგებისგან დამოუკიდებლად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG