Accessibility links

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს


"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ავრცელებს განცხადებას არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე და მოითხოვს დამნაშავეების დროულად გამოაშკარავებას და დასჯას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღემდე ტატუნაშვილების ოჯახს არ აქვს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობაზე: "დაზარალებული მხარისთვის მნიშვნელოვანია ექსპერტიზის კვალიფიციურად წარმართვა და ობიექტური დასკვნა, ვინაიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც შესაძლოა, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე მიუთითებდეს", - წერს "ადამიანის უფლებათა ცენტრი", რომლის იურისტი - თამარ ავალიანი იცავს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესებს. ცენტრი თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა უნდა გამოიყენონ "ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რათა დადგინდეს სიმართლე და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც რამე ფორმით მონაწილეობდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის გატაცებასა და მკვლელობაში". ორგანიზაცია ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს და შეახსენებს უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართვას - "ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარადგინოს სახელმწიფოთშორისი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სამწუხაროდ, საზოგადოება არ არის ინფორმირებული, ამ მიმართულებით, რას გეგმავს ხელისუფლება".

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG