Accessibility links

რელიგიურ ნიადაგზე ჯარში სამსახურს თავი აარიდა 97-მა წვევამდელმა რუსთაველმა


რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა წვევანდელების საზეიმო გაცილებაზე

მიმდინარე წლის სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის დღიდან, რომელიც მიმდინარე წლის 25იანვარს დაიწყო, რელიგიურ ნიადაგზე ჯარში სამსახურს თავი აარიდა 97-მა წვევამდელმა რუსთაველმა.

დღეს, 11 აპრილს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში, 37 ახალგაზრდის საზეიმო გაცილების შემდეგ, რომელსაც რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც დაესწრო, მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსმა მიხეილ თათარაძემ თქვა, რომ ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც რელიგიური მოტივით გადაივადა სამხედრო სამსახური, პოლიტიკური ცენტრის, "გირჩის", რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" წევრია.
მიხეილ თათარაძემ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს 12 ადამიანი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა კომისარიატში, მათზე შედგა დაჯარიმების ოქმები და რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს. გარდა ამისა, მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა, რეგისტრირებული მისამართის მიუხედავად, ვერ დაადგინა 282 წვევამდელის ადგილსამყოფელი. ამიტომ საქმეში პოლიცია ჩაერთო.

მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსისა ცნობითვე, მიმდინარე წელს ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა 208 წვევამდელმა. ქალაქში აღრიცხულია კიდევ 778 ახალგაზრდა, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით გადაუვადდა გასაწვევ პუნქტში გამოძახება. ეს მიზეზებია: დედისერთობა, სტუდენტობა, სასკოლო ასაკი.

კანონის შესაბამისად, წვევამდელთა გასაწვევი ასაკი 18-27 წელია.
საგაზაფხულო გაწვევა რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, რომელიც 6 ივნისს დასრულდება.

მიხეილ თათარაძის ცნობით, მისი სამსახური წვევამდელთა გაწვევას გეგმის შესაბამისად მიჰყვება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG