Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია სირიაზე სამხედრო დარტყმის საბოლოო გადაწყვეტილება


დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჯერჯერობით არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება სირიაზე სამხედრო დარტყმის შესახებ. თეთრი სახლის წარმომადგენლის, სარა სანდერსის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია ვაშინგტონის და მისი მოკავშირეების მოქმედების ერთ-ერთი ვარიანტია. პრეზიდენტ ტრამპის მიერ 11 აპრილს, ტვიტერით გავრცელებულ გაფრთხილებას, რომ რუსეთი უნდა მოემზადოს სირიაში ამერიკული რაკეტების დასახვედრად, სანდერსმა უწოდა ერთ-ერთი შესაძლებლობის აღწერა. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებითვე, აშშ დარწმუნებულია, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი გამოიყენა პრეზიდენტ ასადის არმიამ. სარა სანდერსმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი პასუხისმგებლობას აკისრებს ასადის რეჟიმის მხარდამჭერ რუსეთსაც, რომელიც სირიის ქიმიური არსენალის განადგურების პირობას დებდა. ამასთან, სანდერსის თქმით, პრეზიდენტ ტრამპს იმედი აქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება და რუსეთი თანამშრომლობის გზას აირჩევს. 11 აპრილს, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ მონაწილეობს „ტვიტერ-დიპლომატიაში,“ სერიოზულ მიდგომებს ემხრობა და მიიჩნევს, რომ არ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც დააზიანებს ისედაც მყიფე სიტუაციას. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 11 აპრილს გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და თავდაცვის მინისტრის, ჯეიმს მატისის შეხვედრა, რომელზეც განიხილეს სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ შესაძლო, სამხედრო ოპერაციისთვის მზადების საკითხი. გასული კვირის ბოლოს, რამდენიმე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სირიის აღმოსავლეთ ღუტის რაიონის ქალაქ დუმაში სამთავრობო ძალებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რასაც ასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, დუმაში განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა 70-ზე მეტი ადამიანი, მათგან 43 მომწამლავი ნივთიერების ზემოქმედებით. ორგანიზაციის ცნობითვე, ქალაქის ხუთასამდე მცხოვრებს, მათ შორის ბავშვებს აღენიშნებათ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომები. სირიის ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი რუსეთი დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG