Accessibility links

გაეროს ხელმძღვანელი და აშშ-ის ექსპრეზიდენტი სირიასთან მიმართებით სიფრთხილისკენ მოწოდებით გამოდიან


გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი გამოდიან მოწოდებით არ მოხდეს სირიის ომის ესკალაცია, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა "მოემზადოს" საპასუხო სარაკეტო დარტყმისთვის. ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ 11 აპრილს, გვიან საღამოს დაურეკა უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მქონე ქვეყნების - აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის და ჩინეთის - ელჩებს, და გაუზიარა თავისი ღრმა შეშფოთება შექმნილი ჩიხის საფრთხეებთან დაკავშირებით. გუტერეშის თქმით, აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს საიმისოდ, რომ ვითარება არ გავიდეს კონტროლს მიღმა. პარალელურად, აშშ-ის ექსპრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა ასოშიეიტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპს მოუწოდა "ქვეყანაში სიმშვიდე შეინარჩუნოს და არ გააზვიადოს ან ესკალაცია არ მოახდინოს იმ გამოწვევებისა, რომლებიც თავს იჩენს ჩრდილოეთ კორეასთან, რუსეთთან ან სირიასთან მიმართებით". უფრო ადრე, ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაზე შესაძლოა სარაკეტო დარტყმა განხორციელდეს, იმ თავდასხმის პასუხად, რომელიც სავარაუდოდ ქიმიური იარაღით განხორციელდა და რომელსაც სულ მცირე 43 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა 7 აპრილს, ქალაქ დოუმაში. რუსეთი და სირია აცხადებენ, რომ ქიმიური თავდასხმა არ მომხდარა და გამოდიან გაფრთხილებით, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალებზე ნებისმიერ სარაკეტო თავდასხმას ანალოგიური პასუხი გაეცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG