Accessibility links

OPCW დაეთანხმა ბრიტანელ გამომძიებლებს აგენტის მოწამვლის საქმეზე


ქიმიური იარაღის კონტროლის გლობალურმა ორგანიზაციამ, ჰააგაში განთავსებულმა ორგანიზაციამ ქიმიური იარაღის აკრძალვისთვის (OPCW) დაადასტურა ბრიტანეთში ჩატარებული ანალიზი იმ ტოქსიკური ქიმიკატის ტიპისა, რომელიც გამოიყენეს რუსეთის ყოფილი ორმაგი აგენტის და მისი ქალიშვილის მოსაწამლად. 11 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ორგანიზაცია ამბობს, რომ მისი გამომძიებლები დაეთანხმნენ ბრიტანელი ექსპერტების შეფასებებს. დასკვნაში საკუთრივ ქიმიკატი დასახელებული არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ მისი შემადგენლობა მაღალი ინტენსივობის იყო. ბრიტანეთი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობას ადანაშაულებს 66 წლის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მკვლელობის მცდელობაში, სამხედრო დონის ქიმიური იარაღით, რომელსაც "ნოვიჩოკის" სახელით იცნობენ და რომელიც საბჭოთა კავშირში განავითარეს. რუსეთი უარყოფს ინციდენტთან კავშირს, რამაც ბრიტანეთს და კიდევ ორ ათეულზე მეტ ქვეყანას უბიძგა გაეძევებინათ 150-ზე მეტი რუსი დიპლომატი. ამ ნაბიჯს მოსკოვმა რამდენიმე დღეში იგივე ზომით უპასუხა. სკრიპალები 4 მარტს მოათავსეს საავადმყოფოში, მას შემდეგ, რაც ინგლისის ქალაქ სოლსბურიში უგონო მდგომარეობაში იპოვნეს. იულია სკრიპალი საავადმყოფოდან 10 აპრილს გაწერეს. ის აცხადებს, რომ მამამისი "კვლავ სერიოზულად ავადაა" და დასძენს, რომ თავადაც ბოლომდე არ განკურნებულა მათ წინააღმდეგ გამოყენებული მომწამვლელი ნივთიერების შედეგებისგან.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG