აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში ავიადარტყმები განახორციელეს. პენტაგონის განცხადებით, ავიადარტყმების სამიზნეებია დამასკთან მდებარე ქიმიური იარაღის საკვლევი ცენტრი და ჰომსის რაიონში არსებული ქიმიური იარაღის საწყობი. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალებმა ათობით რაკეტა ჩამოაგდეს. განცხადება სირიაში ავიადარტყმების დაწყების შესახებ აშშ-ის პრეზინდეტმა დონალდ ტრამპა აშშ-ის დროით 13 აპრილს, საღამოს 9 საათზე გააკეთა თეთრ სახლში.
დონალდ ტრამპის განცხადებით, გასულ შაბათს ასადის რეჟიმმა კვლავ გამოიყენა ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ: “ჩვენი მოქმედებების მიზანია, რომ შევაკავოთ ქიმიური იარაღის წარმოების გავრცელება და მისი გამოყენება. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის. აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამისათვის გამოიყენებს ყველა საშუალებას - შეიარაღებას, ეკონომიკასა და დიპლომატიას. ჩვენ მზად ვართ ამ პასუხისმგელობისათვის, სანამ სირიის რეჟიმი არ შეწყვეტს აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას”.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ავიდარტყმები არ შეხებია საჰაერო და საზღვაო ბაზებს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს CNN-ი სააგენტო TASS-ზე დაყრდნობით.
11 აპრილს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა “ტვიტერით” გაავრცელა განცხადება სირიაზე სარაკეტო თავდასხმის შესაძლო განხორციელების შესახებ. ის სირიის მოკავშირე რუსეთს აფრთხილებდა, რომ “მოემზადოს”, რადგან “რაკეტები იქნება”. 11 აპრილს გავრცელებულ შეტყობინებაში ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მხარდაჭერის გამო - მან მოსკოვს ბრალი დასდო "ცხოველის" მხარდაჭერაში, რომელიც საკუთარ ხალხს ხოცავს "და ეს მოსწონს".
ტრამპის მესიჯი ეხებოდა რუსეთის სამხედრო პირებისა და დიპლომატების მიერ გამოთქმულ გაფრთხილებებს, რომ აშშ-ის მიერ სირიაში ნასროლ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებენ და მიზანში ამოიღებენ რაკეტების გამშვებ მოწყობილობებს - გემები იქნება ეს, თვითმფრინავები თუ სხვა. "რუსეთი აცხადებს, რომ ჩამოაგდებს სირიისთვის ნასროლ ნებისმიერ და ყველა რაკეტას" - წერს ტრამპი და დასძენს - "მოემზადე რუსეთო, რადგან ისინი იქნება, კარგები, ახლები და 'ჭკვიანები'! არ უნდა იყო პარტნიორი გაზით მხოცავი ცხოველისა, რომელიც საკუთარ ხალხს კლავს და ეს მოსწონს!" ტრამპი გულისხმობდა ასადს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ადანაშაულებს 7 აპრილს სავარაუდოდ მომწამვლელი გაზით განხორციელებულ თავდასხმაში. სამედიცინო პერსონალის ცნობით, მას ათობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ქალაქ დუმაში, დამასკთან ახლოს.
მომდევნო დღეს, 12 აპრილს, დონალდ ტრამპა “ტვიტერის” საშუალებით კვლავ გაავრცელა განცხადება, სადაც ის წერდა, რომ არასოდეს უთქვამს, როდის მოხდებოდა თავდასხმა სირიაზე: "არასოდეს მითქვამს, როდის იქნება სირიაზე თავდასხმა. შესაძლოა ეს ძალიან მალე მოხდეს, ან არცთუ ძალიან მალე!“
აშშ-მა სირიაში დროში შეზღუდული ოპერაციის განხორციელების შესახებ განცხადება 2013 წელს, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ გააკეთა. თუმცა, ვაშინგტონმა სირიის სამხედრო ობიექტზე პირველი “შეზღუდული დარტყმა” 2017 წელს განახორციელა. მაშინ, ეს იყო პასუხი სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებით ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვაზე.
დაწერეთ კომენტარი