Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკი ჰეილი: აშშ მზად არის ახალი იერიშისთვის, თუ სირია კვლავ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს


ნიკი ჰეილი
ნიკი ჰეილი

აშშ-ის და მისი ორი მოკავშირის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მიერ 14 აპრილს სირიაში განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო, რუსეთის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა შედგა. საბჭომ რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არ მიიღო. პროექტი გმობდა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიაზე განხორციელებულ დარტყმებს და სირიის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტისკენ მოწოდებას შეიცავდა. გაერო-ში აშშ-ს ელჩმა, ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ადრინდელი განხილვების დროს რუსეთი იყენებდა ვეტოს უფლებას, ხოლო ასადის რეჟიმი ზარინის გაზს, რის შედეგადაც სირიაში უამრავი ადამიანი დაიხოცა. "მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით ასადის მფარველებზე, ირანზე და რუსეთზე, ვლაპარაკობდით იმ საზარელ ფაქტზე, რასაც ქიმიური იარაღის გამოყენება ჰქვია. საუბრის დრო ამოიწურა და ჩვენ მოქმედება დავიწყეთ, რათა არ დაგვეშვა მომავალში ქიმიური იარაღის გამოყენება", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ. მისივე თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე მოქმედებდნენ. არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ასადის დანაშაულს, თქვა ჰეილიმ, და დასძინა, რომ აშშ მზად არის ახალი იერიშისთვის, თუ სირია კვლავ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს. ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების ქმედებები სირიაში საერთაშორისო ურთიერთობებში ხულიგნობას წარმოადგენს, - განაცხადა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ.

"ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ საეჭვო გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებისას აგრესორი ქვეყნები ყველა ცოდვაში ასადს ადანაშაულებენ. ბოლო დროს კი მოდაში შემოვიდა პასუხისმგებლობის დაკისრება რუსეთზე, რომელიც, მათი ვერსიით, ვერ ახერხებს დიქტატორის შეკავებას", -განაცხადა ვასილი ნებენზიამ. "თქვენ ასე გსურთ საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა? ეს ხულიგნობაა საერთაშორისო ურთიერთობებში და არცთუ ისე უწყინარიხულიგნობა იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია ბირთვულ ზესახელმწიფოებზე", - აღნიშნა გაერო-ში რუსეთის ელჩმა.

აშშ-მა, თავის მოკავშირეებთან, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად, 14 აპრილის დილით, საჰაერო იერიშების განახორციელა სირიის წინააღმდეგ. თავდასხმა პასუხია სირიის მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე, რასაც გასულ კვირაში, რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა. დონალდ ტრამპმა, ტვიტერით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის ქებით მოიხსენიებს საჰაერო დარტყმებს სირიის მთავრობის წინააღმდეგ და შეაფასა ისინი, როგორც „სრულყოფილად შესრულებული“. პუტინმა დაგმო აშშ-ის მეთაურობით ჩატარებული სამხედრო აქცია, როგორც „აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ტერორიზმთან ბრზოლის წინა ხაზზეა“, იტყობინება რუსეთის სააგენტო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG