Accessibility links

ტანძიის მოსახლეობა აგრძელებს RMG GOLD-ის წინააღმდეგ ბრძოლას


ოქროს მადნის საბადო კაზრეთში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლის, ტანძიის, მოსახლეობას ერთი კვირაა გადაკეტილი აქვს სოფლის ტყისკენ მიმავალი გზა და არ ატარებს კომპანია RMG GOLD-ის სატვირთო მანქანებს. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, RMG GOLD-ს სურს სოფლის მახლობლად მთის გადახსნა და ღია კარიერის მოწყობა, უკვე გაჩეხეს ტყის ნაწილი, ზიანდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. 16 აპრილს, ტანძიაში იმყოფებოდნენ „ახალგაზრდა იურისტთა აოსიციაციის“ წარმომადგენლები. უფლებადამცველი ორგანიზაციის რუსთავის ფილიალის ხელმძღვანელმა ეკატერინე ფავლენიშვილმა, რომელიც ტანძიაში აქციის მონაწილეებს შეხვდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალგაზრდა იურისტების ვიზიტი პირველი არ არის. „ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ გავეცანით სიტუაციას. ვაპირებთ კომპანიის სალიცენზიო დოკუმენტების შესწავლას. ასევე, შევისწავლით გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს. ამის მიხედვით, განვსაზღვრავთ რა სამართლებრივ სტრატეგიას ავირჩევთ“, - ამბობს ეკატერინე ფავლენიშვილი. მისივე თქმით, ტანძიის მცხოვრებნი შიშობენ, რომ სოფლის ეკოლოგია დაბინძურდება, მათ მიერ მოყვანილი მოსავალი კი გამოუსადაგერი გახდება. ეშინიათ, რომ მოუწევთ სხვა ადგილზე გადასახლება. ტანძიაში დაახლოებით 50 ოჯახი ცხოვრობს, ძირითადად სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები. RMG GOLD-ი ოქროს მოპოვების მიზნით ბოლნისის რაიონში ღია კარიერებს ამუშავებს და კაზრეთის საწარმოში სპილენძის და ოქროს 70-პროცენტიანი შემცველობის მადანი გამოჰყავს, რომელსაც მსოფლიოს ბირჟებზე ყიდის. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, RMG GOLD-ს ეკოლოგიური გარემოს დაბინძურებასა და ისტორიული ძეგლების განადგურებაში ადანაშაულებს. ყველაზე გახმაურებული იყო საყდრისის ბორცვის აფეთქება, სადაც ზოგიერთი უცხოელი სპეციალისტის მტკიცებით, ამ ტერიტორიაზე ხუთი ათასი წლის წინ გათხრილ შახტებში ოქროს მოიპოვებდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG