Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI-ის ყოფილი შეფი: ტრამპი მორალურად არ შეეფერება თანამდებობას


გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI-ის ყოფილი შეფი, ჯეიმს კომი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "მორალურად არ შეეფერება" თანამდებობას. კომიმ ეს შეფასება გამოთქვა ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მან 15 აპრილს მისცა ტელეკომპანია ABC-ს. 17 აპრილს გამოდის მისი წიგნი, რომელშიც კომი აღწერს პრეზიდენტთან მის ურთიერთობას. "ვფიქრობ, ის მორალურად შეუფერებელია პრეზიდენტის თანამდებობისთვის" - განაცხადა კოუმიმ მის პირველ ტელეინტერვიუში მას შემდეგ, რაც გასული წლის მაისში ის ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. კომიმ, რომელიც წარსულში ფედერალურ პროკურორადაც მუშაობდა, გააკრიტიკა ტრამპის დამოკიდებულება ქალებთან - მისი თქმით, ტრამპი ქალებზე ისე ლაპარაკობს და მათ ისე ექცევა, თითქოს ისინი ხორცის ნაჭრები იყვნენ. კომის თქმით, ტრამპი "მუდმივად ცრუობს დიდ და მცირე საკითხებზე და ირწმუნება, რომ ამერიკელ ხალხს ამის სჯერა". კომის ეს განცხადებები ჯერჯერობით ბოლო მაგალითებია იმ სიტყვიერი ომისა, რომელიც მას ტრამპთან აქვს გაჩაღებული. მანამდე ტრამპმა მას "საზიზღარი ტიპი" უწოდა და თქვა, ის ციხეში უნდა იჯდესო. თავის წიგნში კომი ამბობს, რომ ტრამპი მას ახსენებს მაფიის უპატიოსნო, დიდი ეგოს მქონე ბოსს და წერს, რომ პრეზიდენტმა მას პერსონალური ერთგულება მოსთხოვა. ამას თავად ტრამპი გადაჭრით უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG