Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში გრძელდება საპროტესტო აქცია და აქტივისტების დაკავება


დღეს დილიდან, ერევანში საპროტესტო აქცია განაახლეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის მოწინააღმდეგეებმა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, საპროტესტო მოძრაობის რამდენიმე ასეული აქტივისტი ქუჩების გადასაკეტად ჯგუფებად დაიყო. მოძრაობის ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკოლ პაშინიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, განაგრძონ დაუმორჩილებლობის აქცია. დღეს დილით, ერევნის პოლიციამ დააკავა კიდევ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის მოძრაობის „უარყავი სერჟი“-ს ერთ-ერთი ლიდერი დავით სანასარიანი. 19 აპრილს საღამოს, ერევნის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სამოქალაქო აქტივისტს, ტიგრან მაზმანიანს, რომელსაც ბრალად ედება მასობრივი არეულობის ორგანიზება. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ერევნის პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციების 120-ზე მეტი მონაწილე. საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს და მთავრობას დიალოგისკენ მოუწოდა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა. მისი განცხადებით, სიტუაციის მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგი და ურთიერთპატივისცემაა. ერევანში 13 აპრილიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის მმართველობის გახანგრძლივების წინააღმდეგ. ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 17 აპრილს, სომხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით სარგსიანი აირჩია რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად. კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG