Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა კაკაშვილი: "ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყოფილიყო სამთო დარტყმა"


20 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა კაკაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების ექსპერტი. მან ილაპარაკა 5 აპრილს ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდგომ პროცესზე. 19 აპრილს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ მთავრობის, დამსაქმებელი კომპანიისა და პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები. მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო ექსპერტების მოწვევაზე. ნიკა კაკაშვილმა აღნიშნა, რომ ექსპერტები მოწვეული იქნებიან "შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის" (ILO) ეგიდით. თავის მხრივ, პროფკავშირების გაერთიანება 24 აპრილს ელოდება უკრაინელი ექსპერტების ჩამოსვლას. ექსერტებმა უნდა დაადგინონ რამდენად შესაძლებელია შახტის რეაბილიტაცია და მისი ფუნქციობის გაგრძელება, თუ ის უნდა დაკონსერვდეს. კომისიის სხდომაზე ლაპარაკი იყო აგრეთვე ტყიბულელ მეშახტეთა სოციალური დაცვის სავარაუდო გზებზეც. რაც შეეხება დღემდე ჩატარებულ სამუშაოს, ნიკა კაკაშვილი შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა ტყიბულში მომხდარის გარემოებების შესწავლაში. "ვერსიები ბევრი გვაქვს", - ამბობს ნიკა კაკაშვილი: "ერთადერთი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყოფილიყო სამთო დარტყმა, რაც პირველად ადმინისტრაციამ დაასახელა. ჩვენ ამას ვერ ვადასტურებთ და ბოლომდეც ვერ გამოვრიცხავთ. ვერსიის დონეზე გვაქვს. ადგილზე ჩამოშლილი არ დაგვხვდა ის ქანი, რომელსაც შეეძლო ასეთი დიდი სიძლიერის ჰაერის ტალღა გამოეწვია. აქედან გამომდინარე, გვაქვს უფრო სხვა ვერსიები. თუმცა, ბოლომდე ამ ვერსიასაც არ გამოვრიცხავთ".

XS
SM
MD
LG