Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის: ვიდეოში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები


„გავრცელებულ ვიდეოში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ანა თავხელიძე. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეო, სადაც თანატოლები აიძულებენ მოზარდ ბიჭს მოყვეს ამბავი მასთან დამყარებული სექსუალური ხასიათის კავშირის შესახებ. ანა თავხელიძე ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერის წარმომავლობა აუცილებლად უნდა იქნას განხილული და გამოძიებული რამდენიმე მიმართულებით: ერთი, ძალადობა თანატოლების მხრიდან; მეორე, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება და მესამე, ამბავი, რომელსაც მოზარდი ყვება, რომ ვიღაცას მასთან ჰქონდა სექსუალური კონტაქტი: „გამოსაძიებელია ის ფაქტი, რომ ბავშვები აიძულებენ მოზარდს, ილაპარაკოს ამ ყველაფრის შესახებ კამერის წინ. გარდა ამისა, გამოსაძიებელია ის, თუ ვინ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, გასარკვევია, არიან თუ არა ისინი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეულნი, რათა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი და რაც მთავარია, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ამბავზე, რომელსაც ბავშვი იძულების წესით ყვება. ის ამბობს, რომ მასთან ჰქონდათ სექსუალური კავშირი. შესაძლოა, ბავშვი იყოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. სწორედ ამიტომ, გამოძიებამ საქმე რამდენიმე ასპექტით უნდა შეისწავლოს“. ანა თავხელიძის თქმით, პირველ რიგში გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ არიან ის პირები, რომლებმაც ვიდეო ჩაიწერეს და გაავრცელეს: „თუკი ისინი 14 წლამდე ასაკისანი არიან, მათ ვერ დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქმე ამით უნდა დამთავრდეს. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იმუშაოს ამ ბავშვებთან. საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთონ სოციალური სამსახურის წარმომადგენლები. თუმცა, თუ დადგინდა, რომ ისინი არიან 14 წელს მიღწეულნი და გამოიკვეთება მათი დანაშაული, ასეთ შემთხვევაში, მათ მიმართ შესაძლოა განიხილებოდეს სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მეთოდი - განრიდება და მედიაცია“. არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს - დაიწყოს გამოძიება გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG