Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები პრეზიდენტ პუტინს მიიჩნევენ ცუდ მასპინძლად


ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი რადიო თავისუფლების ოფისში. თბილისი, 2018 წლის 14 თებერვალი
ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი რადიო თავისუფლების ოფისში. თბილისი, 2018 წლის 14 თებერვალი

ევროპარლამენტის დეპუტატთა ნაწილმა ევროკავშირის სახელმწიფოთა მთავრობებს მოუწოდა, არ დაესწრონ რუსეთში, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს. ევროპარლამენტის გერმანელი დეპუტატის, რებეკა ჰარმსის მიერ ინიცირებულ მიმართვას მხარი დაუჭირა 60-მა დეპუტატმა ევროკავშირის 16 ქვეყნიდან. მიმართვის ყველაზე მეტი, 21 ხელმომწერი პოლონელი დეპუტატია. ევროპარლამენტარები მთავრობებს მოუწოდებენ, მიბაძონ დიდ ბრიტანეთს და ისლანდიას, რომელთა მთავრობებმა ქალაქ სოლსბერიში, რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალის და მისი ქალშვილის მოწამვლის შემდეგ უარი თქვეს დაესწრონ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს. რებეკა ჰარმსის განცხადებით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვერ იქნება ჩემპიონატის კარგი მასპინძელი, სანამ სირიასა და უკრაინაში ომი გრძელდება, სანამ ის მხარს უჭერს ევროკავშირის ქვეყნებში მემარჯვენე-ექსტრემისტულ და ანტიდემოკრატიულ პარტიებს და არჩევნებზე ზეგავლენას ცდილობს. რებეკა ჰარმსის თქმით, დემოკრატიულმა მთავრობებმა წვლილი არ უნდა შეიტანონ ინსცენირებაში პუტინის, როგორც ძლიერი მამაკაცისა, რომელსაც პატივს სცემენ მსოფლიოს მნიშვნელოვანი პირები. 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩატარდება რუსეთის 11 ქალაქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG