Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო თანამეგობრობამ თვალი არ უნდა დახუჭოს რუსეთის აგრესიაზე


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა დაასახელა უმთავრეს გამოწვევად რეგიონული უსაფრთხოებისთვის. 23 აპრილს, ბათუმში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარზე გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებმა სერიოზულად შეარყია საერთაშორისო სისტემის სანდოობა და დაემუქრა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველსაც კი. „ახლაც კი, იმ დროს, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ, მოსკოვი ინტენსიურად ზრდის საკუთარ სამხედრო რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონის გასწვრივ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მცოცავი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და ნათელი გზავნილი უნდა იყოს, რომ სრულიად მიუღებელია რუსეთის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და ოკუპაციის გზით, ახლებურად განსაზღვრავს ევროპის საზღვრებს. ამავე გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო გზაა რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფების გაძლიერება. ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად შიდა სირთულეებისა, ნატომ და ევროკავშირმა თავი არ უნდა შეიკავონ შემდგომი გაფართოებისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG