Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმედის" დარბევის საქმეზე პასუხისგებაში მიეცა კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ძებნილი ერეკლე კოდუა. მას დაუსწრებლად წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდება. ერეკლე კოდუამ საქართველო რამდენიმე წლის წინ დატოვა. მთავარი პროკურატურის მიერ 25 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კოდუა ადგილზე ხელმძღვანელობდა 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობის გათიშვის მიზნით ტელევიზიის შენობაში შეჭრილ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმს და ოპერატიულ თანამშრომლებს. პროკურატურის განცხადებითვე, „მიუხედავად იმისა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი, ძალისმიერი მეთოდით, უკანონოდ შეიჭრნენ ტელევიზიის შენობაში, მიზანმიმართულად დააზიანეს ძვირადღირებული საეთერო ჩართვის აპარატურა და ტელევიზიის ინვენტარი. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში დასაქმებულ პერსონალს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გამოაძევეს შენობიდან და შენობის გარეთ დაუშინეს რეზინის ტყვიები.“ ერეკლე კოდუას საქართველოში დაუსწრებლად აქვს შეფარდებული 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე და 2 წლით ე.წ. „ავტომანქანების საქმეზე.“ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2014 წელს მიეცნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი..

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG