Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა დაპირისპირების გამო გადაიდო


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა დაპირისპირების გამო რამდენიმე საათით გადაიდო. სხდომის დაწყებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა დერეფანში პარტიის ყოფილი წევრის გელა თოლორაიას წინააღმდეგ აქცია გამართეს. შეკრებილების თქმით, დეპუტატს, რომელიც ენმ-ის მხარდამჭერების ხმებით შევიდა საკრებულოში და მოგვიანებით „ევროპული საქართველოს“ წევრი გახდა, სხდომაზე დასწრების უფლებას არ მისცემენ. ამ ფონზე ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თოლორაია, რომელმაც სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარა, სხდომას არ დასწრებოდა.

სხდომის დაწყების შემდეგ მორიგი დაპირისპირება უკვე დარბაზში მოხდა, როცა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, მურთაზ ზოდელავამ, განცხადების გაკეთება ისურვა. მისი განმარტებით, უნდა გაეხმიანებინა მოქალაქეების მთავარი პრობლემები. უმრავლესობის წევრებში ამან გამოიწვია უკმაყოფილება, რადგან დღის წესრიგით დადგენილი საკითხების განხილვა უკვე დაწყებული იყო. მმართველი პარტიის წევრებმა განმარტეს, რომ მას ჯერ არ მისცემენ საუბრის უფლებას, რადგან ამ ყველაფერზე ზოდელავას შეეძლო ელაპარაკა სხდომის ბოლოს, სხვა საკითხების განხილვისას.

თავის მხრივ, მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა, რომ მას მიზანმიმართულად არ მისცეს სიტყვის თქმის უფლება, რადგან საკრებულო რეალურად არა „ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ საკუთარი ინტერესების გასატარებლად“ მუშაობს.

ცნობისთვის: გელა თოლორაიას ენმ-დან „ევროპულ საქართველოში“ გადასვლის საკითხს ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ზუგდიდის საკრებულოში 22 მარტს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. თოლორაია ჯერ არც ერთ სხდომას არ დასწრებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG