Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეს მიტჩელი: რუსეთს შევახსენებ, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია აგვისტოს ომი


უეს მიტჩელი და მიხეილ ჯანელიძე
უეს მიტჩელი და მიხეილ ჯანელიძე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, უეს მიტჩელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვიცე-პრემიერ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად იმყოფებოდა ოკუპირებული ახალგორის რაიონთან მოსაზღვრე სოფელ ოძისში. „10 წლის წინ აქ ომი იყო და დღეს მე აქ ვიმყოფები, რათა რუსეთის მთავრობას შევახსენო, რომ მსოფლიოს ეს ომი არ დავიწყებია“ - განაცხადა უეს მიტჩელმა. მისი თქმით, აშშ გამყოფ ხაზს არ ცნობს სახელმწიფო საზღვრად. უეს მიტჩელმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს აღელვებს გამყოფ ხაზთან და მის მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მდგომარეობა, გმობს მათი დაკავების, წამების და მკვლელობის ფაქტებს და სამძიმარს უცხადებს ოჯახებს. მიტჩელის განცხადებით, აშშ მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და ასევე, ხელი შეუწყოს რეგიონში ჰუმანიტარულ მიმოსვლას. „აშშ მტკიცედ ერთგულია საქართველოს, როგორც პარტნიორის უსაფრთხოებისადმი და აფასებს მთავრობის, პარლამენტის და ხალხის ძალისხმევას, აჩვენოს ღრმა ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი. ვაფასებთ საქართველოს ლიდერობას როგორც წარმატებული დემოკრატიის მაგალითისა კავკასიაში“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, უეს მიტჩელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG