Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში 8 მაისამდე შეჩერდა საპროტესტო გამოსვლები


ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთში შეჩერდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია. საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, შეისვენონ, თუმცა ფხიზლად იყვნენ და თვალი ადევნონ მის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე. „ჩვენ ვემზადებით პრემიერ-მინისტრის ასარჩევად 8 მაისს და ამ დღეს აქ შეიკრიბება 500 ათასი ადამიანი“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა 2 მაისს საღამოს, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ მიტინგზე. ფაშინიანის ინფორმაციით, 3 მაისს პარლამენტში გამართავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის ხელმეორედ წარსადგენად. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მისი ერთ-ერთი მიზანია საბოლოოდ გაარკვიოს „რესპუბლიკური პარტიის“ განზრახვა. 2 მაისს საღამოს, ერევანში გაიმართა რესპუბლიკელების საპარლამენტო ფრაქციის სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი. სხდომის შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარემ ვაგრამ ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არ აპირებს წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა მინიმუმ ორი-მესამედის მიერ დასახელებულ კანდიდატს. რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო სომხეთის პარლამენტმა 1 მაისს გამართულ სპეციალურ სხდომაზე პრემიერ-მინისტრად ვერ აირჩია ოპოზიციური ფრაქციის, „ელკ“-ის მიერ წარდგენილი ნიკოლ ფაშინიანი. მას მხარი დაუჭირა პარლამენტის 105 დეპუტატდან 45-მა. პრემიერ-მინისტრის არჩევას სჭირდება სულ მცირე 53 დეპუტატის ხმა. 2 მაისს სომხეთში განახლდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის ასარჩევად პარლამენტის მომდევნო, საგანგებო სხდომა 8 მაისს გაიმართება. სომხეთის პარლამენტმა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს აირჩია ყოფილი პრეზიდენტი, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი სერჟ სარგსიანი. ის თანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG